არ მისცე თავს უფლება, ნერვებმა გიმტყუნოს!

25-06-2022

ამ ამბით, მგონი, ყველა დედას ვეტყვი იმას, რაც იქ და იმ მომენტში ვერ ან არ გავაჟღერე. იმედი მაქვს, ყველა დედა გაიგებს და ყველა მიხვდება, რას ვგრძნობდი იმ წამს. დილიდან უხასიათოდ იყო ჩემი ბიჭი, სიმართლე გითხრათ, გამიგია ორი წლის კრიზისისა და იმის შესახებ, რომ ამ ასაკში ტანტრუმების ბევრი შემთხვევა გვექნებოდა, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. 
ზოგადად შეეცვალა ხასიათი, უფრო ჯიუტი და დამოუკიდებელი გახდა, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ასაკია, გაუვლის. გადავწყვიტეთ პარკში წასვლა, და რა ცუდია, რომ მაინცდამაინც იმ დღეს გადავწყვიტეთ. 

მივედით თუ არა, თომა მინდოზე გაიქცა, ფეხშიშველი, ძალიან ბედნიერი იყო და თითქმის აღარ ახსოვდა დილის უხასიათობა. უცებ მიწაზე წითელი საგანი შენიშნა, და დაიწყო ამ საგნის ამოღება, რაც დავუშალე, ვუთხარი, რომ ჭუჭყიანი იყო, არ გამოადგებოდა და შევთავაზე თავისი სათამაშოები, მაინც განაგრძო ამოღება. მივხვდი, აზრი აღარ ჰქონდა და აღარ გავაღიზიანე. აღმოჩნდა, რომ ეს წითელი საგანი იყო ჭიანჭველებით და ჭუჭყით სავსე, რაზეც უმალვე ჩემი რეაქცია იყო ის, რომ გამოვართვი და ნაგავში გადავაგდე. თომამ დაიწყო ტირილი, პროტესტი, არ ვიცი, იქნებ,ზედმეტი მომივიდა? იქნებ, ასე არ უნდა გადამეგდო? შემეშინდა, პირში არ ჩაედო. უმატა და უმატა ტირილს, სიმართლე გითხრათ, არ მინერვიულია, იმ მომენტში მშვიდად ვუხსნიდი, მის გვერდით ვიჯექი და ვცდილობდი ამეხსნა. 

ტანტრუმი, ბავშვი, დედა, ფსქოლოგი, კრიზისი,

უცებ არსაიდან: „განა რა დააშავა, რომ ასე ატირებ, საწყალი ბავშვი“ და სწრაფი ნაბიჯით ჩამიარა შუა ხნის ქალბატონმა, ამ მომენტში წამით ყველა ხმა გაჩუმდა, ყველაფერი გაიყინა და გაშეშდა. თომას ფეხების რტყმამ გამომაცოცხლა და დამაბრუნა რეალობაში, ნუთუ ასე ჩანს? ასეთი ცუდი ვარ? - ვეკითხები საკუთარ თავს. 
- მომეციი!!! - ისტერიულად ტირის. 
„ახალი მეთოდებიც ასეთია“ - ესეც მეორე რეპლიკა... 

გარშემო ყველა მე მიყურებდა. არავის უცდია მოსვლა, ან ჩემი ან ბავშვის დაწყნარება, ამ მომენტში უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა. მოვკიდე ბავშვს ხელი და წამოვედი. რაც უფრო მოვშორდით პარკს, ბავშვი დაწყნარდა, ალბათ მეც. ბოდიში მოვუხადე, რომ ასე ინსტინქტურად გადავაგდე მისი აღმოჩენა. მაგრამ ჩემთვის არავის მოუხდია ბოდიში იმ განცდებისთვის, რითაც იმ მომენტში ავივსე. და მინდა გითხრათ, ქალბატონებო, რომ დიახ, ახალი მეთოდები ძველზე ბევრად კარგია, და კარგი იქნებოდა, რომ ახალი კულტურა, ეთიკა, ემპათია და თანაგრძნობა შეგეძლოთ ადამიანებს. მე ჩემი შვილის ტირილის არასდროს შემშინებია, ეს მანიპულაცია ხერხიცაა ბავშვების მხრიდან და ყველა ფსიქოლოგი გვეტყვის, რომ ასეა. მაგრამ წინა და იმის წინა საუკუნეში, ბავშვი, ალბათ, სულ მიზეზით ტიროდა, აკვანში გამოკრული ან ნაცემი, დიახ, ნაცემი! 
და შენ თუ ახლა ამას კითხულობ, შეგრცხვეს იმ დედის, რომელსაც არაფერი დაუშავებია, არ დაუმსახურებია შენი მზერა და ფრაზები, არ მჯდარა ინდიფერენტული გამომეტყველებით და არ უცემია საკუთარი შვილი, არასდროს! 

მინდა ყველა დედამ გაიგოს, მე იმ მომენტში რა ვიგრძენი, სამწუხაროდ, დღემდე არ დამტოვა იმ აუტანელმა შეკითხვამ - ნუთუ ასეთუ ცუდი ვარ სხვისი თვალით?

დედიკოებო, ყველაზე მაგარი რამ, რაც კი შემიძლია გირჩიოთ, არის ის, რომ არავინ დააყენოთ თქვენზე და თქვენს შვილზე მაღლა, ყოველთვის დაივიწყეთ ტოქსიკური გარემოცვა, და ორიენტირდით ბავშვზე, არავის აქვს უფლება გაგკიცხოთ, თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც თქვენს პატარას სჭირდებით, და რაც მთავარია, ყველაფერზე მეტად უყვარხართ.