დაიჭირე წამი და იგრძენი ბედნიერება

23-06-2022

დილით რვა საათზე გავიღვიძე. მაშინვე გამახსენდა, გუშინ რომ სარეცხი დამრჩა გასაფენი და მალევე წამოვხტი საწოლიდან, მინდოდა მომესწრო ბავშვის გაღვიძებამდე. წიგნების თაროც არეული ყოფილა და დღესაც დაავიწყდა ჩემს მეუღლეს აივნის კარის შეკეთება. მალე მოვრჩები ყველაფერს. სისწრაფეში ოთახში შევდივარ და იცით, რას ვხედავ? ჩემს მძინარე შვილს... იცით, როგორ ტკბილად ძინავს? იცით, რა მშვიდი და ლამაზია? როცა გაიღვიძებს, დამიძახებს, რომ მასთან მივიდე, და სიმართლე გითხრათ, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ არ ვიღვიძებ მასთან ერთად? მერე სადღაც შორიდან შინაგანი ხმა მპასუხობს, მერე ვინ დაალაგებს სახლს, ვინ გაფენს სარეცხს? ვინ ირბენს დილიდან სრულ მზადყოფნაში? მართალია, საქმე ბევრია, და ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია... მაგრამ იცით რამდენ წუთს აკლებთ თქვენს შვილს ამ დროს, იცით, რა მალე გადის წლები და რა მალე გადაწვებიან პატარები საკუთარ საწოლებში? იცით, რა მალე გეტყვიან, "დედა, ნუღარ მეფერები ასე, მე უკვე დიდი ვარ". ჰოდა, იქნებ ცოტა ხანს მოიცადოს გასაფენმა სარეცხმა, შესაკეთებელმა სახელურებმა, მტვრიანმა წიგნებმა, არეულმა საკუჭნაოებმა და ათასმა უაზროდ გასაყვანმა წამმა, იმან, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს გვართმევს! მივუწექი ახლოს ჩემს პატარას და თავი მოვიმძინარე. გაიღვიძა თუ არა, მოვიდა და თავი დამადო, მერე ლოყაზე მაკოცა, ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს, როცა მძინავს, და მხოლოდ დილაობით... ბედნიერი ვარ, რომ ეს წამი დავიჭირე, ზოგჯერ მთავარი ბედნიერება წინ გვაქვს და ჩვენ სამწუხაროდ, წვრილმან სისულელეებში ვფლანგავთ დროს. დღეს სუპერგმირი ვიქნები, ყველა საქმეს თავს გავართმევ, და დღეიდან გადავწყვიტე, აღარ გავიღვიძო ადრე, მე და ჩემი პატარა ერთად ავდგებით, ერთად შევჭამთ საუზმეს, და ეს ყველაფერი იქამდე მოხდება, სანამ ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით... ისინი ხომ გაიზრდებიან, ეს დრო კი აღარასდროს დაბრუნდება, გთხოვთ, დედიკოებო, არ დაკარგოთ ყველაზე ძვირფასი წუთები... აბა შენ იცი, დაიჭირე წამი და იგრძენი!

თანამედროვე დედა