ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა მიყვარს, ბავშვის ხვალინდელი ტანსაცმელი მზად არის, ხვალინდელი სადილიც მოვამზადე, მაღვიძარაც მწყობრშია და 07:00; 07:30; 07:39; 07:53 -ზე აუცილებლად გამაღვიძებს თავისი სულისშემძვრელი ხმით. ხვალ ახალ სამსახურში მივდივარ, მანამდე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, მერე საყიდლები, ბავშვის სკოლიდან სახლში მოყვანა, ორი ონალიან ჩართვა და კიდევ რას დამავალებთ?
მოკლედ, 07:53-ზე ადგომა ახალი მიგნებაა, 7 წუთში ვასწრებ ყავის მომზადებას, ჩაცმას, საუზმის მომზადებას, შემდეგ ბავშვის გაღვიძებას ვიწყებ და დააამ! ბავშვი ძალიან, ძალიან ცხელია! თერმომეტრი 39-ს აჩვენებს, დანარჩენ ხაზებს აღარ ვაქცევ ყურადღებას. მაგიდაზე ელვის სიწრაფით ჩნდებიან ფიზიოლოგიური, ინჰალატორი, თერმომეტრი, სიცხის დამწევები, „ნემსები, მახათები პაპიროსის ქაღალდები“ კომფორტულ საღამურში ვრჩები და ტელევიზორში საახალწლო ფილმს ვრთავ. ახალი წელი ჯერ ძალიან შორს არის, მაგრამ ნაძვის ხის დადგმასაც ვპირდები ბავშვს ოღონდ კარგად იყოს.
ვიწყებ ბულიონის მომზადებას, კომპოტისთვის გაყინულ „მალინას“ საყინულედან ვიღებ, პარალელურად: სიცხეს ვზომავ, ვრეკავ ექიმთან, ვიძახებ ლაბორატორიას, ვრეკავ სამსახურში,ახალ-ახალ სიმპტომებს ვისმენ და - „დეეეეეეედააააა“ ამ ყველაფერს გაუჩერებელ ხმად გასდევს! ნელნელა ჩემი „სამსახურეობრივი მოვალეობები“ მავიწყდება. დიახ, ნუ გაგიკვირდებათ როცა ბავშვი ავად არის დედები სამსახურზე ვერ ფიქრობენ, უფრო სწორად ფიქრობენ და ძალიან ისტრესებიან. ამ დროს ძალიან ვნერვიულობთ ბავშვებზე და „სიცხეა, მერე რა მოხდა, ვის არ ჰქონია“ - არგუმენტი არანაირად არ არის მისაღები. ვერც ვერავისთან დავტოვებთ, რადგან ბავშვის სხვასთან დატოვებით ეს პრობლემა არ გვარდება. ნერვიულობა ჰგავს გულმკერდის გაშეშებას, ყველაფერი ერთიანად გატყდება თავს. ბავშვის ცუდად ყოფნა, შემომავალი ზარები, მეილები, ყველას ახლა ახსენდები. ხშირად კანკალი გიტევს, ეს ყველაფერი პანიკურ შეტევას ჰგავს. თავის მართლების პოზიციაში დგები, თითქოს რაღაცას აშავებ, თითქოს განზრახ დაგეგმე ეს ყველაფერი. თვალებზე ბინდი გეკვრება და აბსულუტურად შრომისუუნარო ხდები, ყველაფერი ერთმანეთში გერევა, ვერაფერზე კონცენტირდები, რაგან შენი ცენტრი შენი შვილია და ახლა მხოლოდ ის გინდა, მის სახეზე ღიმილი და თერმომეტრზე 36 დაინახო.
ამიტომ ნუ გაგვკიცხავთ დედებს, რომლებსაც შვილების აღზრდის გარდა სხვა პასუხისმგებლობებიც გვაქვს, ვფიქრობთ განვითარებაზე, გვსურს ვიყოთ წარმატებულები, გვსურს ვიყოთ დამოუკიდებლები და რეალიზებულები. ხანდახან ეს ყველაფერი თავზე გვეყრება და ყოველ ჯერზე ვცდილობთ თბილი საღამურიდან თავის დაღწევას. ყველაფერს თავიდან ვიწყებთ და მიზანსაც ვაღწევთ ხოლმე. თუმცა, გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში, „მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი“!