10 ნიშანი, რომ ბავშვი რაღაცას მალავს

27-07-2023

როდესაც ოჯახში მოზარდია, მით უმეტეს - თინეიჯერი, ემპათიის გარეშე არსებობა არ გამოდის. გთავაზობთ ბავშვის ქცევებში საეჭვო  სიმპტომების ე.წ. chek list-ს და გირჩევთ, ამ ნიშნებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 

დაგბლოკათ სოციალურ ქსელებში

თუ წილად გხვდათ ბედნიერება და საკუთარი შვილის მეგობარი ან ფოლოვერი  აღმოჩნდით სოციალურ ქსელებში, ძალიან გაუფრთხილდით ამ სტატუსს და თქვენს მიმართ გამომჟღავნებულ ნდობასაც. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ კომუნიკაცია თვალსაჩინოა და შენიშვნის მიცემით ან საყვედურით ან კომენტარით შესაძლოა  ის უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუ არ გაგიმართლათ და შავ სიაში აღმოჩნდით, ნუ აჩქარდებით და ნუ მოითხოვთ კატეგორიულად დამეგობრებას სოც ქსელებში, ჯერ სოც ქსელის გარეთ დაალაგეთ ურთიერთობები. 

ცვლის თემას

უფროსებს არ უჭირთ იმის მიხვედრა, როდის ცდილობს ბავშვი თემიდან გადახვევას, თემის შეცვლას. თუ ეს მოხდა და ფაქტი დააფიქსირეთ, ნუ ეცდებით ჩასაფრებას და ამ თემის განვრცობას, გამოძიების ჩატარებას, უბრალოდ დაიმახსოვრეთ კარგად და შესაბამის სიტუაციებში ეცადეთ შეეხოთ იმავე თემას ისე, რომ ბავშვი არ გაღიზიანდეს და ძალიან ფრთხილად შეხვიდეთ სიღრმეებში. 

არ იცნობთ მის მეგობრებს


აზრზე არ ხართ, ვისთან მეგობრობს თქვენი შვილი? ეს იმას არ ნიშნავს, რომ განგაშის ზარი უნდა შემოკრათ, უბრალოდ დაფიქრდით. დაინტერესებულხართ? შესაძლოა არ გეცალათ ამისთვის ან უბრალოდ არ აძლევთ ბავშვს უფლებას სახლში მოიყვანოს მეგობრები. გარწმუნებთ, ბევრად მშვიდად იქნებით, თუ სახლში, თქვენი თვალთახედვის არეში მოექცევიან. 

იშვიათად ატარებთ დროს ერთად

რომელია აქ მიზეზი და რომელი - შედეგი, რთული სათქმელია, მაგრამ თუ ბავშვთან არ ატარებთ გარკვეულ დროს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ არაფერი იცით. თუ გადაწყვიტეთ, რომ მეტი სიახლოვე გჭირდებათ, ეს ძალიან დიდი სიფრთხილით, მკვეთრი მოძრაობების გარეშე უნდა გააკეთოთ. თუ არც ისე ახლოს ხართ ერთმანეთთან, ერთ დღეში ვერ დაახლოვდებით, ეს ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს. 

თინეიჯერი, გარდატეხის ასაკი,

თქვენი თანდასწრებით არაფერს არ აკეთებს

ატყობთ, რომ საკმარისია მის გვერდით აღმოჩნდეთ, მაშინვე წყვეტს იმის გაკეთებას, რასაც აკეთებდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად რაღაც ცუდს აკეთებს, უბრალოდ ისე არ გენდობათ, როგორც საჭიროა. ეცადეთ, მისი ეს ნდობა ნელ-ნელა მოიპოვოთ. 

მასწავლებლები უკმაყოფილოები არიან

ხანდახან მშობელს ჰგონია, რომ მის შვილთან მიმართებაში მასწავლებელი აჭარბებს და თუ სკოლაში დაბარეს, ხშირად შვილის მხარეს იჭერენ ხოლმე. თუმცა გვინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებელი, თქვენგან განსხვავებით, ხანდახან უფრო მეტ დროს ატარებს თქვენს შვილთან, შესაბამისად მეტი ინფორმაცია აქვს მის ქცევებთან დაკავშირებით და თუ ჩათვალა, რომ მშობლის ჩართულობაა საჭირო ამა თუ იმ სიტუაციაში, მიჰყევით და დაუჯერეთ. 

თავს არიდებს დეტალებს

ეს ყველაზე აშკარა და თვალსაჩინო პუნქტია. როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ცდილობს, რომ ამაზე ნაკლები ისაუბროს, რათა თავი არ გაყიდოს. თუ ატყობთ, რომ საკუთარი თავის შესახებ სულ ერთსა და იმავეს ყველა, ახალი ისტორიები არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეგნებულად არ საუბრობს სიახლეებზე.  

სახლიდან მოულოდნელად გასვლა

ამ შემთხვევაში საუბარი არ არის იმაზე, რომ ბავშვს სუფთა ჰაერზე გასეირნება მოუნდა, არამედ იმაზე, რომ ოღონდ სალიდან გავიდეს და საამისოდ იგონებს რაღაც მიზეზებს. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, ე.ი. საუბრის დროა. 

მალავს მზერას

თუ ატყობთ, რომ საუბრის დროს თვალს გარიდებთ, ცდილობს თავიდან აირიდოს კონტაქტი, აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენი აღზრდის მეთოდებს. 
 
მკვეთრად შეიცვალა

ბავშვები იზრდებიან და იცვლებიან, ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ეს ცვლილება ხდება ნელ-ნელა. თუ ატყობთ, რომ თქვენი შვილი დროის მოკლე მონაკვეთში საგრძნობლად შეიცვალა, უნდა დაფიქრდეთ, რამე ხომ არ ხდება მის ცხოვრებაში. 
 
მშობლებსა და შვილებს, მოზარდებს შორის ურთიერთობის მთავარი სირთულე ოქროს შუალედის დაცვაა, ყველაფრის უფლების მიცემასა და არაფრის უფლების მიცემას შორის. არც ერთი ვარგა და არც მეორე, თუმცა, ფსიქოლოგები თვლიან, რომ მეორე უარესია.