10 რჩევა თინეიჯერებში თავდაჯერებულობის ასამაღლებლად

22-03-2022

მოზარდობის პერიოდში მრავალი ფიზიკური ცვლილება მიმდინარეობს, ჩნდება ახალი სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევები. ზოგჯერ ეს ცვლილებები და სიახლეები ძალიან დამთრგუნველი და დამაბნეველია თინეიჯერებისთვის. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მოზარდ შვილებს ახალი გამოწვევების დაძლევაში და თვითშეფასების ამაღლებაში. 
თავდაჯერებულობა აუცილებელია თინეიჯერებისთვის, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობები და გამოავლინონ გამძლეობა რთულად გადასალახ პერიოდებში. მშობლები დიდ როლს თამაშობენ შვილის პიროვნული თავისებურებების ჩამოყალიბებაში. მათ სიტყვებს და ქმედებებს შეუძლიათ, თინეიჯერების განვითარება სწორი მიმართულებით წარმართონ. მოზარდებს აუცილებელია მივუდგეთ პატივისცემით, გავამხნევოთ ისინი და მხარი დავუჭიროთ, რათა შეინარჩუნონ ოპტიმიზმი.

რა არის თავდაჯერებულობა?


თავდაჯერებულობა არის ადამიანის უნარი შეაფასოს თავისი შესაძლებლობები და უნარები, ჰქონდეს კონტროლის შეგრძნება საკუთარ ცხოვრებაზე და ენდოს საკუთარ თავს. როდესაც ადამიანი თავდაჯერებულია ეს:

•    ვლინდება მისი საზოგადოებაში ყოფნის დროს.
•    გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარადგენს ის საკუთარ თავს.
•    აძლიერებს პიროვნებას.
•    ზრდის ადამიანის ცხოვრებით კმაყოფილებას და ბედნიერების შეგრძნებას.

რატომ არის თინეიჯერებისთვის თავდაჯერებულობა აუცილებელი?


თავდაჯერებულობა თინეიჯერებს აძლევს საშუალებას გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და იმედგაცრუებებს, შეურიგდნენ გაურკვეველობას და ცხოვრების მოულოდნელ აღმასვლებსა და დაღმასვლებს.
•    თავდაჯერებულობა ეხმარება მოზარდს მიაღწიოს სასურველ მიზნებს.
•    ეხმარება მას ჯანსაღი და მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
•    ასევე - კეთილგონივრული და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც დაიცავს მას ზიანისგან.
თავდაჯერებული მოზარდები არიან უფრო ასერტიულნი (პირდაპირები და ღიები), აზროვნებენ პოზიტიურად და ცხოვრების მიმართ აქვთ ენთუზიაზმი.

მშობლების როლი თავდაჯერებულობის ამაღლებაში
მშობლები ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენენ თინეიჯერების თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე. მშობლები მოზარდის პიროვნულ ჩამოყალიბებას განსაზღვრავენ:
•    თავიანთი ქმედებებითა და სიტყვებით.
•    მოზარდისადმი დამოკიდებულებით და იმით, თუ როგორ აგრძნობინებენ მას თავს.

10 რჩევა თინეიჯერების თავდაჯერებულობის ასამაღლებლად:


1. გამოიჩინეთ პატივისცემა:
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მოზარდი შვილი აღარ არის ბავშვი, ის უკვე ზრდასრულობას უახლოვდება და იმსახურებს პატივისცემას, ისევე როგორც ყველა ზრდასრული ადამიანი.
•    მოზარდთან საუბრისას ყოველთვის გამოიჩინეთ პატივისცემა. 
•    ყოველთვის მიუდექით მის პრობლემებსა და შიშებს სერიოზულად. არასოდეს უწოდოთ მათ ბავშვური ან უმნიშვნელო.
2. ხშირად შეაქეთ:
•    როდესაც მოზარდს რაიმე მიღწევის გამო აქებთ, ეს მას მოტივაციას აძლევს, მომავალში კიდევ უფრო მოინდომოს და მეტ წარმატებას მიაღწიოს.
•    ყოველთვის უთხარით, როგორ ამაყობთ მისით.
3. ფრთხილად იყავით კრიტიკასთან:
•    თუ თქვენთვის მიუღებელია თქვენი შვილის რაიმე საქციელი, დასხედით ერთად და ისაუბრეთ ამის შესახებ. დაუთმეთ ამ საუბარს დრო.
•    თინეიჯერები კრიტიკას ხშირად დამცირებად და შერცხვენად აღიქვამენ. თავი აარიდეთ შესწორებებს და შენიშვნებს, როცა ეს შესაძლებელია.
4. წაახალისეთ შვილი, ჩაერთოს კლასგარეშე აქტივობებში:
•    თინეიჯერისთვის აუცილებელია, რომ მისთვის საყვარელი საქმიანობით დაკავდეს, ან ის აკეთოს, რაშიც წარმატების მიღწევა შეუძლია.
•    კლასგარეშე აქტივობებში ჩაბმა ხელსაყრელია დაბრკოლებებთან გამკლავების და წარმატების მიღწევის ტრენინგისთვის.
•    ჯგუფური აქტივობები დაეხმარება მოზარდს მეგობრების შეძენაში და სხვა ადამიანებთან ერთად საერთო მიზნისთვის შრომის სწავლაში.
5. მხარი დაუჭირეთ ჯანსაღ მეგობრულ ურთიერთობებს:
თქვენ ვერ გააკონტროლებთ, ვის ემეგობრება თქვენი შვილი, მაგრამ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ, რომ ჯანსაღი მეგობრული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს.
•    ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მეგობრობაში დააფასოს გაგება და პატივისცემა.
•    ასწავლეთ მას, როგორია ნამდვილი მეგობარი.
6. გარეგნობა მთავარი არ არის:
თინეიჯერები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას და გრძნობენ დიდ წნეხს, რომ გამოიყურებოდნენ როგორც ცნობილი ადამიანები. გარეგნობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს თინეიჯერის თვითშეფასებაზე.
•    მნიშვნელოვანია, აუხსნათ თქვენ შვილს, რომ გარეგნობა მთავარი ღირებულება არ არის ადამიანისთვის.
•    აუხსენით მას, რომ უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვა, ჰიგიენა, გონების სიჯანსაღე და ზრდილობა.
7. დაეხმარეთ მას გამოავლინოს თავისი ძლიერი მხარეები.
უთხარით შვილს, რომ ის ყოველთვის თავის სიძლიერეზე უნდა კონცენტრირდეს. არასოდეს შეადაროთ მის თანატოლებს, მეგობრებს ან ნათესავებს.
•    დაეხმარეთ მას იმის გაგებაში, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული თავისებურებები და ძლიერი მხარეები აქვს და ადამიანების შედარება შეუძლებელია.
•    უთხარით მას, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა შეედაროს და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე იმუშაოს.
8. ასწავლეთ მას, როგორ გამოიჩინოს სიძლიერე:
დაეხმარეთ მოზარდს გაზარდოს გამძლეობა ბულინგისა და შევიწროვების მიმართ.
•    თინეიჯერმა უნდა ისწავლოს უარყოფით ემოციებთან გამკლავება მოთმინების დაკარგვის გარეშე.
•    თქვენს შვილს უნდა ესმოდეს, რომ სხვისი ქცევა მას ვერაფერს დააკლებს და მისი თავდაჯერება არ უნდა შელახოს.
9. მოიძიეთ პროფესიონალის დახმარება:
თუ თქვენს შვილს აწუხებს თავდაჯერებულობის მკვეთრი ნაკლებობა და ეს მას ხელს უშლის აკადემიურ და სოციალურ აქტივობებში, შეიძლება საჭირო გახდეს პროფესიონალის დახმარება.
•    თავდაპირველად შეგიძლიათ ოჯახის წევრების დახმარება ითხოვოთ და თქვენს შვილს ესაუბროთ.
•    თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, მოძებნეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელიც გამოავლენს პრობლემის საფუძველს და დაგეხმარებათ მის აღმოფხვრაში.
10. იყავით თქვენი შვილის მთავარი მხარდამჭერი: 
•    თქვენი მხარდაჭერა თინეიჯერის თვითშეფასების ამაღლებისთვის კატალიზატორის ეფექტს ასრულებს.
•    როდესაც თქვენი მოზარდი შვილი გრძნობს, რომ თქვენ მის გვერდით ხართ და შეუძლია გენდოთ, მას ეძლევა ძალა შეეჭიდოს გამოწვევებს და მოიკრიბოს ძალა და გამბედაობა.
ყველა სირთულეს მიუდექით დელიკატურად და პოზიტიური განწყობით, როცა საქმე მოზარდს ეხება. გახსოვდეთ, რომ თინეიჯერობის პერიოდი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჩამოყალიბების გზაზე. იყავით მომთმენი და გულისხმიერი.