მგრძნობიარე ბავშვები ასწორებენ ჩვენს მორალურ კომპასს და გვაფრთხილებენ, როცა სამყარო ზედმეტად უხეშია. ისინი ანათებენ სიბნელეს და თავად წარმოადგენენ სინათლესა და იმედს ცხოვრებისეული სირთულეების დროს. მაღალი სენსიტიურობის მქონე ადამიანები მსოფლიოს მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ. მგრძნობიარე ბავშვის აღზრდა უნიკალურ გამოწვევებს სთავაზობს მშობლებს და ასევ მრავალმხრივ აჯილდოვებს მათ.
რას ნიშნავს მაღალი სენსიტიურობა?
მაღალი სენსიტიურობის მქონე ბავშვების ნერვული სისტემა აღიქვამს ძალიან ბევრ იმპულსს. ისინი ღრმად გრძნობენ ემოციებს - ტკივილს, სიყვარულს, სევდას, სიხარულს, ისინი შეიძლება ძალიან მარტივად ფრთხებოდნენ, მძაფრად რეაგირებდნენ სურნელებზე, აწუხებდეთ უხეში ქსოვილებისგან შეკერილი ტანსაცმელი, გაძლიერებული ჰქონდეთ გარემოს აღქმა, მკვეთრად აღიქვამენ სხვათა ტანჯვას. მათ აქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო და მიილტვიან სიმშვიდისკენ, გაურბიან ხმამაღალ ხმებს, აწუხებთ მოულოდნელობები და უყვართ მშვიდი თამაშები.
იმისთვის, რომ გაიგოთ მიეკუთვნება თუ არა თქვენი შვილი მაღალი სესნიტიურობის მქონე ადამიანთა რიცხვს, გაიარეთ ტესტი შემდეგ ვებგვერდზე: hsperson.com
ჩვენ ჯერ კიდევ იმ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელიც მგრძნობიარე ბიჭებს განსჯის. ამიტომ ბიჭი შვილების შემთხვევაში ეს თემა კიდევ უფრო აქტუალურია. მშობლები მგრძნობიარე ბავშვების და განსაკუთრებით მგრძნობიარე ბიჭების მთავარი მხარდამჭერნი უნდა იყვნენ. თქვენ შეგიძლიათ თქვენს მგრძნობიარე შვილს შემდეგი ხერხებით დაეხმაროთ:
ჰარმონიული გარემოს შექმნა:
სახლი ბავშვისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. სენსიტიური ბავშვი მაშინვე გრძნობს მშობლებს შორის დაძაბულობას და შეიძლება და-ძმისგან უხეშმა ქცევამ ძალიან ატკინოს გული.
სახლში მიმღები, კომფორტული და თბილი ატმოსფეროს შექმნა უმნიშვნელოვანესია. არ დართოთ ნება თქვენს შვილებს, გააწვალონ ერთმანეთი და მიმართონ ერთმანეთს უპატივცემულოდ. იმუშავეთ ოჯახური კულტურის შექმნაზე, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს და იღებენ ისეთად, როგორებიც არიან.
რამდენიმე რჩევა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:
1. ჩამოაყალიბეთ ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობები ერთად სადილობით, ერთად დროის გატარებით, მხიარული საუბრების წარმართვით, ჯგუფური თამაშებით.
2. არ შეადაროთ შვილები ერთმანეთს. დააფასეთ თითოეული მათგანის უნიკალურობა.
3. დააწესეთ მკაფიო წესები ოჯახის წევრებს შორის პატივისცემისა და გულისხმიერი ქცევის დასანერგად. თუ ბავშვი ამ წესებს დაარღვევს, სასჯელი შეიძლება იყოს ურთიერთობის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დედმამიშვილთან გულახდილი საუბრით იმის შესახებ, თუ რა ეწყინა მას.
4. ეცადეთ, ოჯახში კონფლიქტი დაიყვანოთ მინიმუმამდე. მაღალი სენსიტიურობის მქონე ბავშვისთვის მშობლების ჩხუბი განსაკუთრებით მძიმე გადასატანია.
ჩამოაყალიბეთ ბავშვთან უსაფრთხო მიჯაჭვულობა
მგრძნობიარე ბიჭუნასთვის დედასთან პოზიტიური და ღრმა ემოციური კავშირი აუცილებელია. საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი მიმართების გამო, რაც “დედიკოს ბიჭების” შერცხვენაზეა ორიენტირებული, დედები ხშირად თავს შორს იჭერენ ვაჟებისგან. დედა ემოციურად არ უნდა გაემიჯნოს თავის მაღალი სენსიტიურობის მქონე ვაჟს.მგრძნობიარე ბიჭები ყოველდღიურად უამრავ ნეგატიურ მესიჯს იღებენ იმის შესახებ, რომ ისინი ძალიან სუსტები არიან, მათი ემოციები და ქცევა არასწორია, და რომ უფრო კაცურად უნდა მოიქცნენ. ამის ფონზე მგრძნობიარე ბავშვი ოჯახში დედისგან მუდმივად უნდა ისმენდეს, რომ ის არაჩვეულებრივი და სრულყოფილია ისეთი, როგორიც არის, და რომ მისი ღირსება სენსიტიურობით არ კნინდება.
რჩევები მხარდამჭერი ოჯახური კავშირების შესანარჩუნებლად:
1. თამაში ბავშვთან დაკავშირების ყველაზე მარტივი გზაა. მოზარდებთან თამაში შეიძლება გამოიხატებოდეს ვიდეო თამაშებით, ველოსიპედის ტარებით, მისი საყვარელი კომიქსების სერიის კითხვით. მთავარია, რომ მის სამყაროში შეაღწიოთ.
2. მნიშვნელოვანია ფიზიკური სიახლოვის შენარჩუნებაც. ხშირად ჩაეხუტეთ და აკოცეთ შვილს, ან გამოხატეთ სითბო სხვა ფიზიკური ჟესტებით.
3. იცინეთ ერთად. ერთად სიცილი და გართობა ძალიან აძლიერებს ურთიერთობებს. მოძებნეთ სამხიარულო აქტივობები, რომლებშიც ერთად ჩაებმებით.
4. იყავით მისი პოზიტიური ანარეკლი. დააფასეთ თქვენი ვაჟის დადებითი თვისებები, დაინახეთ მისი სიძლიერეები და გაუზიარეთ მას თქვენი ხედვა. უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ვინც მას ნაკლებზე მიანიშნებს. დედის მოვალეობაა დაანახოს შვილს მისი სიძლიერეები და ღირსებები.
5. უფრთხილდით ბავშვის დატუქსვას და უხეშ შენიშვნებს. თუ მისი საქციელი თქვენთვის მიუღებელია, ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ან შერცხვენის მაგივრად მოძებნეთ გზა, რომ მას გააგებინოთ თქვენი თავლსაზრისი და დისციპლინა შემოიტანოთ დელიკატურად. ამასთანავე არ იყოთ ზედმეტად მიმტევებელი და ფრთხილი იმის შიშით, რომ ბავშვის გრძნობებს დააზიანებთ.
ასწავლეთ ბავშვს, როგორ გაუმკლავდეს თავის ძლიერ ემოციებს.
მაღალი სენსიტიურობის მქონე ბავშვები ემოციებს იმაზე უფრო ინტენსიურად განიცდიან, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობის დანარჩენი 80%.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას თავი გარიყულად და უცნაურად არ აგრძნობინოთ ამ ემოციების გამო. ასევე მნიშვნელოვანია მისი გამოცდილებების ვალიდაცია, მაგრამ არ გააზვიადოთ ისინი. ემოციების ვალიდაციასა და სიტუაციის გაბუქებას შორის ბალანსის დაცვა აუცილებელია.ასწავლეთ ბავშვს როგორ დამშვიდდეს სუნთქვითი პრაქტიკებით, როგორ გამოხატოს ემოციები დღიურის წერით ან ხატვით. გამოიყენეთ თამაშები და აქტივობები გრძნობების ახსნისა და სახელდებისთვის.
ასწავლეთ ბავშვს როგორ დააწესოს და დაიცვას თავისი საზღვრები
მგრძნობიარე ბავშვები ხშირად მიდრეკილნი არიან პერფექციონიზმისკენ და სხვებისთვის თავის მოწონების დიდი მოთხოვნილება აქვთ. ისინი განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას დებენ, რათა სხვებს ასიამოვნონ და კომფორტი შეუქმნან, ხშირად საკუთარი საჭიროებების უგულვებელყოფის ხარჯზე. ასწავლეთ ბავშვს, რომ საკუთარი საზღვრების დაწესება და დაცვა არ არის ეგოისტური ქცევა და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება და პატივისცემა აუცილებელია.
შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ რჩევებს:
გაფრთხილება:
ბუნებრივია, ჩვენი შვილების ყველაფრისგან დაცვა გვინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. აუცილებელია, რომ მივცეთ ბავშვებს ზრდის საშუალება და არ გავაკონტროლოთ მათი ცხოვრების ყველა დეტალი. ბავშვის გადამეტებული კონტროლი და მუდმივად დაცვის მცდელობა შეიძლება არასწორ მესიჯს აგზავნიდეს, რომ თქვენ არ ენდობით მის უნარს, თავად გაუმკლავდეს სირთულეებს. მგრძნობიარე ბავშვებისთვის საუკეთესო მესიჯია, რომ თქვენ ენდობით მის სიძლიერეს და უნარს გადალახოს დაბრკოლებები, თუმცა მუდმივად მის გვერდით იქნებით თუ დახმარება დასჭირდება.