10 რჩევა მშობლებს, როგორ ვასწავლოთ შვილს სხეულის უსაფრთხოება და საზღვრები - პედიატრი ლიკა თედიაშვილი

16-07-2023

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სხეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები - ამ თემაზე გვესაუბრება პედიატრი ლიკა თედიაშვილი. 

რა ასაკში გვხვდება ბავშვებში სექსუალური გამოვლინებები?

როგორც მშობელს, შესაძლოა მშვენიერი ურთიერთობა გქონდეთ შვილთან და შეგეძლოთ მასთან ბევრ თემაზე უპრობლემოდ საუბარი, თუმცა ყოველთვის უხერხულობასთან არის დაკავშირებული შვილთან სხეულის ინტიმურ ნაწილებზე ან სექსუალურ განვითარებაზე საუბარი.
ამავე დროს, ადრეული ასაკის ბავშვთან სექსუალური გამოვლინებების შემჩნევა მშობლის შეშფოთებას იწვევს ხოლმე, რაც ასევე არასწორი ინფორმირების  შედეგი შეიძლება იყოს.სინამდვილეში სექსუალური გამოვლინებები ბავშვებში ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით 3-6 წლის ასაკში და წარმოადგენს ნორმალური განვითარების ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს. 


საკუთარი სხეულის ნაწილებით დაინტერესება - როგორც განვითარების ნორმალური შემადგენელი ნაწილი.

ძალიან ადრეულ ასაკში ბავშვები იწყებენ საკუთარი სხეულის ნაწილების შეცნობას, რაც შეიძლება გამოვლინდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილების შეხებით, გაწელვით, ჩიჩქნით თუ დაზელვით. ეს მოძრაობები  შესაძლებელია შევამჩნიოთ გენიტალიების მიდამოებშიც. აღსანიშნავია, რომ ეს მოძრაობები არ არის სექსუალურად მოტივირებული ქმედებები, არამედ არის ცნობისმოყვარეობის შედეგი და წარმოადგენს საკუთარი სხეულის შეცნობის შემადგენელ კომპონენტს. ასეთი ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლებელია მათ გაუჩნდეთ სურვილი, დაინახოხ სხვა ადამიანი შიშველ მდგომარეობაში, დასვან შეკითხვები გენიტალიების და ტუალეტის შესახებ.ასაკის მატებასთან ერთად საჭირო ხდება გარკვეული სწავლება, რაც ბავშვს მისცემს მიმართულებას საკუთარი სხეულის ნაწილების ფუნქციის, მოვლის, ასევე საკუთარი საზღვრების და პრივატულობის შესახებ. 

თინეიჯერი, სექსუალური განათლება,
 

ნორმალური სექსუალური გამოვლინებები ბავშვთა ასაკში შეიძლება იყოს:

•    გენიტალური ორგანოების შეხება, როგორც ცალკე, ასევე საჯაროდ
•    მცდელობა , შეეხონ ან უყურონ თანატოლის ან დედმამიშვილის გენიტალურ ორგანოებს.
•    აჩვენონ თანატოლს გენიტალური ორგანოები
•    სხვა ადამიანთან ძალიან ახლოს ჯდომის ან დგომის სურვილი
•    დაინახონ სხვა ადამიანი ან თანატოლი შიშველ მდგომარეობაში.
არის თუ არა თვით-სტიმულაცია (მასტურბაცია) ბავშვებში სექსუალური გაუკუღმართების ნიშანი და როგორ მოვიქცეთ ამ დროს? 
მზრუნველი პირი თუ მშობელი ხშირად გამოხატავს შეშფოთებას  ბავშვის საქციელში მასტურბაციის ელემენტების შემჩნევის თაობაზე. ეს არ წარმოადგენს პათოლოგიას და არ არის გაუკუღმართებული სექსუალური ქმედების ნიშანი. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, არ დატუქსოთ ბავშვი და არ ჩაუნერგოთ დანაშაულის შეგრძნება. სანაცვლოდ ეცადეთ გადაუტანოთ ყურადღება სხვა  მოვლენაზე, ან უთხრათ მსგავსი შინაარსის ფრაზა: 
„ესნორმალური მოვლენაა, შეეხო შენი სხეულის ნაწილებს, მხოლოდ გაითვალისწინე , რომ მსგავსი ქმედება არ არის მიღებული საჯაროდ". 
მნიშვნელოვანია ასევე გავმიჯნოთ ის სექსუალური ქმედებები ბავშვებში, რაც საყურადღებოა და მოითხოვს პროფესიანოლაების ჩარევას.
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია სექსუალური ხასიათის ქმედება იყოს პათოლოგია და მოითხოვდეს პროფესიანოალების ჩარევას ( პედიატრი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი).

 

ასეთ პათოლოგიურ ქმედებებს მიეკუთვნება:

•    არის ხელისშემშლელი ბავშვის ყოველდღიურობაში (არ შეუძლიათ ფოკუსირება დავალებაზე ქცევის გამო).
•    ხდება სხვა აქტივობებიდან გამოთიშვა, ან უარს ამბობს სხვა აქტივობებზე და მისი ჩართულობა შეუძლებელია.
•    იწვევს ემოციურ და ფიზიკურ ტკივილს ან არის ზიანის შემცველი საკუთარი თავის ან სხვების მიმართ.
•    დაკავშირებულია ფიზიკურ აგრესიასთან.
•    შეიცავს ძალადობის ან ძალისმიერ ელემენტებს. 
•    არმოადგენს ზრდასრულთა სქესობრივი აქტის ან პენეტრაციის იმიტაციას.

10 რჩევა მშობლებს, როგორ ვასწავლოთ შვილს სხეულის უსაფრთხოება და საზღვრები.

თინეიჯერი, სექსუალური განათლება,


საკუთარი სხეულის უსაფრთხოების და საზღვრების სწავლება შვილისთვის უნდა მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკშივე, ქვემოთ მოყვანილია 10 რჩევა, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს.
1.    გამოიყენეთ შესაბამისი სასაუბრო ენა. ასწავლეთ ბავშვს სხეულის ნაწილები მისი შესაბამისი სახელწოდებების გამოყენებით, მაგალითად: პენისი, ვაგინა, ძუძუ, დუნდულები. სხვადასხვა შერქმეული სახელების გამოყენება იწვევს ასოციაციას, რომ არ შეიძლება სხეულის ამ ნაწილებზე საუბარი და ქმნის შებოჭილობას. ასევე ასწავლეთ ბავშვს, რომ სხეულის გარკვეული ნაწილები საჭიროებს "დაფარულობას" და არ შეიძლება  შეხება ან შეხედვა ნებართვის გარეშე. 
2.    დანერგეთ მოკრძალების და პირადი სივრცის პატივისცემა ოჯახში: მოკრძალება, როგორც წესი ბავშვების მიერ ნაკლებად აღქმული კონცეფციაა, ის ასაკის მატებასთან ერთად გამომჟღავნდება. ამ მხრივ აუცილებელია ოჯახში მივცეთ ბავშვს მაგალითები, რაც დაეხმარება აღიქვას სოციალური საზღვრები. მაგალითად, თუ ოჯახში არის ორი ბავშვი უმცროსს უნდა ავუხსნათ, მისცეს უფროსს განმარტოების საშუალება, თუ ეს მისი სურვილია. 
3.    არასოდეს დაატანოთ ბავშვს ძალა ვინმეს მიაქციოს ყურადღება: არასოდეს დააძალოთ ბავშვს აკოცოს ან ჩაეხუტოს ადამიანს, მათ შორის თქვენ. არასოდეს დატუქსოთ ამის არგაკეთების გამო. აბსოლიტურად ნორმალურია, ბავშვმა თქვას უარი ბებიის თუ ბაბუის ჩახუტებაზე და გამოსამშვიდობებელ  კოცნაზე. მიეცით მოტივაცია, რომ ემოციის გამოხატვა შესაძლებელია ახლო ფიზიკური კონტაქტის გარეშეც. მაგ: ამიწიე ხელი და ა.შ. განუმტკიცეთ შეგნება, რომ საკუთარ სხეულის ნაწილებს თავად აკონტროლებს.
4.    აუხსენით ბავშვს განასხვაოს ერთმანეთისგან: შეხება - როცა ყველაფერი წესრიგშია, შეხებისგან - როცა რაღაც არ არის წესრიგში. შეხება-როცა ყველაფერი წესრიგშია, მოიცავს მზრუნველი ადამიანის მიერ მე-2 ადამიანის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, მაგალითად, როცა მზრუნველი ეხმარება მე-2 ადამიანს დაბანაში,  სხვა სატუალეტო საქმეების განხორციელებაში, ან როდესაც ექიმი სინჯავს პაციენტს. შეხება - როცა რაღაც წესრიგში არ არის, გულისხმობს ყველა იმ შეხებას, რომელიც მოზარდს არ მოსწონთ, იწვევს ტკივილს, დისკომფორტს, გაღიზიანებას, ან უკავშირდება სხეულის გენიტალურ ნაწილებს. 
5.    აუხსენით, რომ ადამიანებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს: აუხსენით ბავშვს, რომ დაუშვებელია ვინმე შეეხოს მათ სხეულის ნაწილებს ნებართვის გარეშე, ასევე აუხსენით, რომ დაუშვებელია მათი მხრიდან სხვა ადამიანის შეხება ნებართვის გარეშე.
6.    კარგად და გარკვევით აუხსენით ბავშვს შეუსაბამო შეხების შესახებ. ადრეულ ასაკშიც კი ბავშვი კარგად იაზრებს ამ კონცეფციას, რაც აადვილებს მის ცხოვრებაში, გამიჯნოს ერთმანეთისგა შეხება - როცა ყველაფერი რიგზეა, შეხებისგან - როცა რაღაც რიგზე არ არის. და თქვას „არა“ ამ უკანასკნელ შემთხვევაში.
7.    ყოველთვის მიეცით მოტივაცია, ისაუბროს ამ საკითხზე ნდობით აღჭურვილ პირთან პირველივე შემთხვევაში. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ მოუსმენთ, როდესაც ვინმეს მიერ განხორციელდება მის მიმართ ქმედება, რაც იწვევს მასში დისკომფორტს. შეუსაბამო ქმედება - განსაკუთრებით ოჯახის წევრისგან ან ახლო პირისგან, ბავშვში იწვევს ძლიერ დაბნეულობას, მიეცით მოტივაცია, რომ მოუსმენთ და ენდობით, როდესაც ის  გესაუბრებათ  არაკომფორტულ ქმედებებზე მის მიმართ.
8.    გააკონტროლეთ მედია სივრცე: მედია სივრცის გაკონტროლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვთა ასაკში. ეს მოიცავს ვიდეოთამაშებს, ფილმებს, ტელევიზიას და ინტერნეტ სივრცეს. შესთავაზეთ ბავშვს მისთვის შესაფერისი ალტერნატიული  მედია, რაც ერთ-ერთი გზაა დავიცვათ ბავში სექსუალური კონტენტის შემცველი მედია გადაცემებისგან. 
9.    რეგულარულად განიხილეთ ინფორმაცია ბავშვთან ერთად: არსებობს ხელსაყრელი სიტუაციები, როდესაც ბავშვთან შესაძლებელია ვისაუბროთ მის სხეულის უსაფრთხოებაზე, და პირად სივრცეზე. მაგ: ბანაობა, ძილის დრო, ექიმთან ვიზიტი, ან ნებისმიერი ახალი სიტუაცია. ბავშვებს უწევთ ხშირი კონტაქტი მათთვის უცხო ადამიანებთან ყოველდღიურად: ბავშვთა სასწავლო დაწესებულებებში, სპორტულ და ცეკვის დარბაზებში, ბანაკებსა და საზაფხულო დაწესებულებებში; ვასწავლოთ წესები, რათა ამოიცნონ და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ ნებისმიერ არაკომფორტულ სიტუაციაზე, ეს ბავშვების დაცვის ყველაზე ეფექტური გზაა.
10.    გქონდეთ მზაობა და მიმღებლობა შეკითხვების მიმართ: ბავშვები სვამენ შეკითხვებს, მათ შორის - ინტიმურ საკითხებზე, პასუხები კი დამოკიდებული უნდა იყოს მათი ასაკისა და გაგების დონიდან გამომდინარე. ყოველთვის უთხარით სიმართლე. ეს უმნიშვნელოვანესია. 
გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

წყარო: ამერიკის პედიატრიული აკადემია