ბავშვის განვითარება 6 წლის ასაკში - რა უნდა იცოდეთ

22-07-2022

6 წელი - მზადება სკოლისთვის

6 წელი განსაკუთრებული ასაკია. ვიღაც სკოლაში შედის, ვიღაცას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ უწევს ეს ბედნიერება. ამ პერიოდში ბავშვის  გონება სწავლისკენ არის მიმართული, რაც მის ფსიქიკაზე გარკვეულ ზეწოლას ახდენს. 

ფიზიოლოგია

6 წლის ასაკში ვაჟებს ეწყებათ ზრდის აქტიური პროცესი, გოგონებში ეს მოგვიანებით 9-11 წლის ასაკში ხდება, ამიტომ 6 წლის ასაკში გოგონები ძალიან არ იცვლებიან. 
რაც შეეხება ვაჟებს, ისინი შედარებით სწრაფად ვითარდებიან, ვინც უჭმელი იყო, მომატებული მადით გამოირჩევა. ვინც უმადობას არც ისე უჩიოდა, მას შესაძლოა ცოტა თავშეკავებაც კი დასჭირდეს. 6 წლის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ორგანიზმი ენერგიით არის აღსავსე და ბავშვმა ეს ენერგია უნდა დახარჯოს. ეცადეთ, რომ ბავშვმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე, ბევრი ირბინოს და იმოძრაოს.

ექვსი წლის ბავშვის განვითარება, 6 წლის, ბავშვი, განვითარება, აღზრდა, სკოლა, განათლება,

ურთიერთობა

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ურთიერთობები როგორც უფროსებთან, ისე თანატოლებთან იცვლება. 4-5 წლის ასაკში ბავშვის ინტერესის სფერო ძირითადად საგნებია, ასევე ამინდი, ცხოველები, 6 წლისთვის კი ის უფრო ადამიანური ურთიერთობებით ინტერესდება. ამ პერიოდში მშობლებს არა მხოლოდ რაღა-რაღაც მოვლენების ახსნა უწევთ, არამედ პასუხების გაცემა ისეთ შეკითხვებზე, როგორიც არის მაგალითად: სად მუშაობ? ვინ გიყვარს? რატომ არ მოგწონს? და ა.შ.
ამ ასაკში ბავშვებს მშობლებთან მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ აკმაყოფილებთ, მათი თანადგომა და სულიერი მხარდაჭერა სჭირდებათ. 

ამ ასაკის ბავშვები მხოლოდ თამაშის გამო არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს, თამაშის გარეშეც შეუძლიათ საუბარი და კონტაქტი. ბავშვები ინტერესდებიან ერთმანეთის ინტერესებით, საქმიანობით. თავს იჩენს ისეთი ჩვევები, როგორიც არის ყურადღება, მზრუნველობა, დახმარება და ა.შ.

ექვსი წლის ბავშვის განვითარება, 6 წლის, ბავშვი, განვითარება, აღზრდა, სკოლა, განათლება,
 
ფსიქოლოგიური თავისებურებები


6 წლის ასაკში ბავშვს ხასიათი ეცვლება, ხშირად ჭირვეულობს, ხშირად უგულებელყოფს მშობლების შენიშვნებს, თხოვნებს, თავნებობს, ხშირად იმეორებს, რომ უკვე დიდია. ამ დროს შესაძლოა, ბავშვსა და მშობლებს შორის ცოტა დაიძაბოს კიდეც. რეალურად ბავშვის ნეგატივის ასეთი გამოვლინება მისი შინაგანი შფოთვის ბრალია, ასეთი საქციელი კი ბავშვური უშუალობის დაკარგვით არის გამოწვეული. ამ ფორმით ბავშვი საკუთარი თავის მართვას სწავლობს. სამომავლოდ ეს ნეგატივი ტრანსფორმირდება  საკუთარი თავის შეგნებულ მართვაში. 

ექვსი წლის ბავშვის განვითარება, 6 წლის, ბავშვი, განვითარება, აღზრდა, სკოლა, განათლება,

სწავლისათვის მომზადება


სკოლისათვის, ანუ სწავლებისთვის მომზადება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 
•    ბავშვის ინტელექტუალურ მზადყოფნას;
•    პიროვნულ მზადყოფნას;
•    სოციალურ-ფსიქოლოგიურ მზადყოფნას.
სწორედ ამ კომპონენტების არსებობაზეა დამოკიდებული მომავალი სასწავლო პროცესის წარმატება. მხოლოდ ასოებისა და ციფრების ცოდნა სკოლისთვის საკმარისი არ არის.
ამ შემთხვევაში ინტელექტუალური მზადყოფნა ფაქტების დაკავშირებასა და ანალიზის გაკეთებას გულისხმობს. სოციალურ-ფსიქოლოგიური მზადყოფნა საზოგადოებასთან ურთიერთობას, კომუნიკაციის უნარს გულისხმობს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველა თავისებურად ვითარდება... იმისათვის, რომ ბავშვის ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მტკივნეული არ იყოს, მას ზემოჩამოთვლილი ყველა უნარი სათანადოდ უნდა ჰქონდეს გამომუშავებული.