თქვენი შვილის ზრდა და განვითარება 12 წლის ასაკში

21-12-2021

12 წლის ასაკში  ბავშვები ავლენენ როგორც ბავშვისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. თქვენი 12 წლის შვილი თქვენ თვალწინ თინეიჯერი ხდება და უახლოვდება ზრდასრულობის ასაკს. გაიგეთ, როგორ იცვლება ბავშვი ფიზიკურად, ემოციურად, სოციალურად და გონებრივად, განვითარების ამ გარდამტეხ ეტაპზე.

ფიზიკური განვითარება

12 წლის ასაკში, როგორც წესი, გოგონები სქესობირივი მომწიფების პროცესის შუაში იმყოფებიან, ბიჭებში კი ეს პროცესი ახლა იწყება. გოგონებს ეზრდებათ მკერდი, ეწყებათ მენსტრუაცია და ეზრდებათ თმა - ანუ უვითარდებათ მეორადი სასქესო ნიშნები. ბიჭების შემთხვევაში, სქესობრივი მომწიფება იწყება სასქესო ასოს და სათესლე ჯირკვლების ზრდით, ბოქვენის მიდამოში, იღლიების არეში და წინამხარზე თმის ზრდით, სახის თმოვანი საფარის განვითარებით, ხმის დაბოხებით და კუნთების მასის ზრდით.
მნიშვნელოვანია ნიშანსვეტები:
•    იწყება სექსობირივი მომწიფება.
•    ვითარდება სპორტული უნარები.
•    ჩქარდება ზრდის პროცესი.

რჩევა მშობლებისთვის:
 ამ პერიოდში არ უნდა უგულებელყოთ თქვენი შვილის სქეობრივი მომწიფების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის წამოჭრა მარტივი არაა. დაეკითხეთ თქვენი შვილის ექიმ, თუ არ იცით, როგორ დაიწყოთ მასთან სექსობრივ ცხოვრებაზე და განვითარებაზე საუბარი.

ემოციური განვითარება

თინეიჯერები გადატვირთული არიან ემოციებით. ამის დასტურს მომავალ წლებში იხილავთ. თინეიჯერებს ძალიან უყვართ თავიანთი მშობლები, თუმცა მათთან დროის გატარების სურვილს კარგავენ. მათი ემოციები საკმაოდ არასტაბილური და ცვალებადია - შეიძლება ერთ მომენტში თავს ჩემპიონად გრძნობდნენ, შემდეგში კი - დამარცხებულად. მათ ექნებათ უამრავი ბედნიერი და სევდიანი მომენტი და ისინი ერთმანეთს მუდმივად ჩაანაცვლებენ.
ამ პერიოდში მოზარდები საკუთარ თავში აღმოაჩენენ ლიდერულ თვისებებს და იწყებენ საზოგადოების მიმართ თავიანთი პასუხისმგებლობის გაცნობიერებას. თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ უნარების განვითარებას, თუ ჩართავთ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და წაახალისებთ მის მიერ საზოგადოებრივი და სასკოლო საქმიანობის წარმართვას.
მნიშვნელოვანი ნიშანსვეტები:
•    იწყება ამბოხის და დამოუკიდებლობის დამტკიცების მცდელობები.
•    ესწრაფვიან მშობლებისგან დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთანავე ძალიან სჭირდებათ მათგან მიღება და მხარდაჭერა. 
•    იწყება ოჯახური ფასეულობების გადაფასება და პიროვნული მორალის ჩამოყალიბება.

რჩევა მშობლებისთვის:
დაიცავით სწორი ბალანსი ბავშვის დამოუკიდებლობასა და წესებზე დამორჩილებას შორის, რათა დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება. ხშირად ესაუბრეთ იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სურს დამოუკიდებლად და მუდამ მიმართეთ კომპრომისს, როცა ეს შესაძლებელია.

სოციალური განვითარება

ამ პერიოდში მოზარდებისთვის მეგობრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ, თუმცა, ასევე პრიორიტეტული ხდება რომანტიული ურთიერთობები და მიზიდულობები. 12 წლის ბავშვი ფიქრობს, რომ მისთვის აუცილებელია მიეკუთვნებოდეს რომელიმე ჯგუფს და ამისათვის უნდა გაემიჯნოს მშობლების კონტროლს. ამან შეიძლება პრობლემები შექმნას თანატოლთა წნეხის გავლენის გამო.

მნიშვნელოვანი ნიშანსვეტები:
•    ინტერესდება აქტივობებით, მათ შორის ისეთი აქტივობებით, რომლებიც რომანტიულ ურთიერთობებს შეეხება.
•    იწყებს სხვა ადამიანთა თვალსაზრისის გაგებას.
რჩევა მშობლებისთვის:
თქვენს შვილთან ურთიერთობაში დააფიქსირეთ, რომ კომუნიკაციისთვის ყოველთვის ღია ხართ. ამ პერიოდში თქვენს შვილს შეიძლება ჰქონდეს ისეთი გამოცდილებები, რომლებისთვისაც ჯერ მზად არ არის და არ იცის როგორ გაუმკლავდეს მათ, მაგალითად, თანატოლთა წნეხი. მიუხედავად იმისა, რომ  მოზარდი სულ უფრო მეტ დამოუკიდებლობას იძენს და მიისწრაფვის ამისკენ, მნიშვნელოვანია მან იცოდეს, რომ მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

გონებრივი განვითარება

12 წლის ასაკში თავის ტვინს ზომაში ზრდა დასრულებული აქვს, თუმცა, მისი განვითარების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. 12 წლის ასაკისთვის ვითარდება აბსტრაქტული და ლოგიკური აზროვნების უნარი. თუმცა, პრეფრონტალური ქერქი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმპულსების კონტროლსა და ორგანიზაციულ უნარებში ჯერაც მოუმწიფებელია.

მეტყველება და ლექსიკა
12 წლის ასაკში ბავშვთა უმეტესობას კარგად აქვს ათვისებული მშობლიური ენა და კომუნიკაციის უნარები. მათ უვითარდებათ ინტერპრეტაციის და ფანტაზიის უნარი და ანდაზების, იგავების და მეტაფორების გაგებას მარტივად ახერხებენ. მათ საუბარში პირველად მოისმენთ სარკაზმს, ისინი უფრო მგძნობიარე გახდებიან საუბრის ტონის მიმართ და უფრო დახვეწილად იმეტყველებენ.
თამაში
12 წლის ასაკში მოზარდები თავისუფალ დროს ორგანიზებულ სპორტს, კომპიუტერულ ვიდეოთამაშებს და მეგობრებთან სოციალურ აქტივობებს უთმობენ. განაგრძეთ ეკრანთან გატარებული დროის კონტროლი და წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ ფიზიკურად მეტად აქტიური იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანსვეტები
•    ვითარდება ლოგიკურად აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარები.
•    აცნობიერებს სამართლიანობის და თანასწორობის ცნებებს.
•    იწყებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაცნობიერებას.

რჩევა მშობლებისთვის:
გქონდეთ კავშირი თქვენი შვილის მასწავლებლებთან და აქტიურად ჩაერთეთ მის აკადემიურ აქტივობებში. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მაქსიმალურად წარმატებით ართმევს თავს აკადემიურ პროცესს. თუ სწავლაში პრობლემებია, ეცადეთ გაბრაზების გარეშე იპოვოთ პრობლემის სათავე. აკადემიურ პროცესში ჩამორჩენის მიზეზი შეიძლება მხედველობის და სწავლის დარღვევები იყოს.

სხვა ნიშანსვეტები
ბევრი მოზარდი 12 წლის ასაკში იწყებს მორალური ფასეულობების გადაფასებას და თანატოლებისგან გადმოღებას. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ ის ერთ დღესაც გამოგიცხადებთ, რომ ახალი ცხოვრების სტილის არჩევა სურს, რათა მისი მეგობრის ოჯახის მსგავსად იცხოვროს, ან ახალი რელიგიის გაცნობა აინტერესებს. მორალის განვითარება ზოგადი განვითარების პროცესის ნორმალური ნაწილია. მართალია, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს სწორი მორალი და ოჯახის ფასეულობები ჩაუნერგოთ, მაგრამ ძალიან არ იდარდოთ, თუ თქვენი შვილი გამოგიცხადებთ, რომ არ ეთანხმება თქვენს რწმენას ან შეხედულებებს. 

როდის იქმნება შეშფოთების საფუძველი?
თინეიჯერობის პერიოდში ფიზიკური და ემოციური განვითარება სწორხაზოვნად არ მიმდინარეობს. არ შეშფოთდეთ, თუ თქვენი შვილი ჯერ მზად არ არის ისეთ აქტივობებში ჩასაბმელად, რომლებიც მის ასაკს შეესაბამება. თვალყური ადევნეთ თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობას, რათა არ გამოგრჩეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა, დეპრესია, რომელიც ამ პერიოდში ჩნდება. თქვენი მოსაზრებები და წუხილი თქვენი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა განიხილოთ მის პედიატრთან ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან.
თუ ბავშვს აქვს ჩამორჩენა აკადემიურ პროცესში, გაესაუბრეთ მის მასწავლებელს. ის გირჩევთ როგორ მოიქცეთ, შეიძლება პრობლემის სათავის აღმოჩენაშიც დაგეხმაროთ.

წყარო: verywellfamily