მშობლებმა უნდა წაახალისონ ბავშვის თამაში და მოძრაობითი აქტივობა, როგორც შინ,ისე გარეთ. ეთამაშონ მოძრავი თამაშები, რომლებიც მოითხოვს სხვადასხვა მოძრაობის აქტივობის განხორციელებას - აცოცებას, აძრომას, ხტუნვას, სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის მოძრაობების გამეორებას, ბურთით თამაშს, ყოველთვის დაცული უნდა იყოს ბავშვის უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია, რიგის და თამაშის წესების სწავლება;
ნატიფი მოტორიკის განვითარების ხელშესაწყობად ამ ასაკში შესაძლებელია მოზაიკის,მძივების ასხმის, მუსიკალური ინსტრუმენტის, ხატვის, ძერწვის, წყლის და ქვიშის თამაშების გამოყენება უსაფრთხოების წესების დაცვით. ბავშვმა უნდა ითამაშოს კუბურებით, კონსტრუქტორებით, ააწყოს მარტივი „ფაზლი“;
მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვი სხვადასხვა სახის სახატავი და საძერწი საშულებებით, მოიწონონ და დადებითი აზრი გამოთქვან ბავშვის თითოეულ ნამუშევარზე. აჩვენონ ცნობილი ხელოვანის ნამუშევრები ბეჭდური გამოცემების საშუალებით - პლაკატებით, ნახატებით და წიგნებით. მნიშვნელოვანია გალერეებში, გამოფენებზე, ხალხური ცეკვისა და სიმღერის, კლასიკური მუსიკის კონცერტებსა და თეატრში ტარება, მუსიკალური ჩანაწერების მოსმენა;
მნიშვნელოვანია სხვადასხვა შეგრძნების გააქტიურება, როგორიცაა შეხება, სმენა. ბავშვს უნდა შეეძლოს საგნების რომელიმე ერთი მახასიათებლის - დანიშნულების, ფერის, ფორმის, ზომის მიხედვით დაჯგუფება (მაგ.: დანიშნულების მიხედვით - სამზარეულოს ნაკრები: ქვაბი, თეფში, ტაფა და სხვ.).
ტელევიზორი და კომპიუტერი - ეკრანის დრო
ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის ეკრანთან 1-2 სთ-ზე მეტი დროის გატარება. ბავშვი მეტ დროს უნდა ატარებდეს აქტიურ თამაშში, ფიზიკური აქტივობის დრო
არ უნდა იყოს 60 წთ-ზე ნაკლები. დაუშვებელია ტელევიზორის ბავშვის საძინებელ ოთახში მოთავსება. აუცილებელია მშობელი ბავშთან ერთად უყურებდეს პროგრამას, რომელსაც
ბავშვი უყურებს და აუხსნას მას, თუ რა ხდება, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი ვერ არჩევს ფანტაზიას რეალობისგან.
ქცევა და დისციპლინა
• შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვის ყოველი კარგი საქციელი. დისციპლინის ჩამოყალიბება და წახალისება ბევრად უფრო ეფექტიანი მეთოდია, ვიდრე ბავშვის დასჯა;
• მშობელმა ბავშვს უნდა ასწავლოს ცუდის და კარგის გარჩევა, გაბრაზებასთან გამკლავება;
• მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაუშვებელია ბავშვის დამცირება, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხვა ბავშვებთან მისი შედარება და სხვების უპირატესობის ჩვენება, რაც ბავშვზე
ემოციური ძალადობის გამოვლინებაა და იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას და შემდგომში მრავალი ქცევითი პრობლემის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.
თამაში
თამაში ბავშვის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. კვლევებით დადასტურებულია, რომ თამაში ბავშვისთვის მხოლოდ გართობა არ არის, არამედ მძლავრი ინსტრუმენტია როგორც ტვინის, ისე ზოგადი განვითარების ხელშეწყობისთვის. ზოგიერთ ასაკში (ადრეული ჩვილობა) თამაში, ურთიერთობა და მოვლა ერთადერთი გარე
პოზიტიური სტიმულია, რომელიც ბავშვს ავითარებს;
თამაში იწყება ადრეულ ჩვილობაში და იდეალურ პირობებში გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ფიქრს,
პრობლემის გადაჭრას და, რაც მთავარია, ერთობიან და პოზიტიურ გამოცდილებას იძენენ. მშობლის მონაწილეობა სასარგებლო და აუცილებელია არა მარტო ბავშვისთვის, არამედმშობლისთვისაც. თამაში აყალიბებს და ამყარებს კავშირს მშობლებთან, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება გრძელდება. თამაში მოიცავს სასწავლო აქტივობებს, რომლებიც უფროსთან ურთიერთობაში გამოცდილებისა და პრობლემის გადაწყვეტის სწავლების საუკეთესო გზაა.
ბავშვები, რომლებიც ჯერ ვერ ლაპარაკობენ, ან არ ლაპარაკობენ პრობლემების გამო,თამაშის მეშვეობით აგებინებენ მშობელს თავიანთ დამოკიდებულებას გარე სამყაროსთან. ამიტომ, როგორც ჯანმრთელ, ისე პრობლემების მქონე ბავშვს, აუცილებლად ესაჭიროება თამაში თავისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად და მომავალი სასიცოცხლო უნარების ჩამოსაყალიბებლად. მოვლის რუტინას/ყოველდღიურობასა და თამაშს შორის აუცილებელია მყარი კავშირის დანახვა. მაგალითად, ბავშვის დაბანის წინ აბაზანაში აუცილებელია რამდენიმე (1-2) სათამაშოს ჩაგდება. ეს რუტინა ყოველი დაბანისას უნდა განმეორდეს. ამით მშობელი ორ აუცილებელ სტარტეგიას - მოვლასა და თამაშს - ერთმანეთთან ეფექტიანად აკავშირებს.
თამაში დაბადებიდან 3 წლამდე ასაკში
• ბავშვები ამ პერიოდში სამყაროს გრძნობათა ორგანოების დახმარებით შეიმეცნებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის შეხება, სუნი და გემო. ახალშობილები შეხებით
შეიგრძნობენ მომვლელის განწყობას. მათ აქვთ პრიმიტიული რეფლექსები (მაგ.: წოვის). მხედველობის ველში თვალი შეუძლიათ გააყოლონ მოძრავ ფერად საგანს, მისწვდნენ
საწოლზე დაკიდებულ ფერად სათამაშოს. 4-6 თვიდან ეს სათამაშო პირისკენაც შეუძლიათ წაიღონ. თითების დახვეწილი მოძრაობები თვიდან თვემდე ვითარდება, 6-8 თვის ბავშვს უკვე
შეუძლია თითებით მოეჭიდოს სათამაშოს, გადაიტანოს ის ხელიდან ხელში, გამოგართვათ და პირისკენ თავისუფლად წაიღოს. ასწავლეთ მშობელს, ეს უნარი თამაშის სტრატეგიის
შესამუშავებლად გამოიყენოს - დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიაწოდოს სათამაშო,მასთან ერთად გადაიტანოს ხელიდან ხელში. მისცეს საშუალება, დაათვალიეროს საგნები,
რომლებიც ხელში უკავია და„გემო გაუსინჯოს“. ეს ხელის, თვალის და გემოვნებითი ორგანოების განვითარებას შეუწყობს ხელს. 7-8 თვისთვის აუცილებელია ბავშვისთვის ცოცვის
საშუალების მიცემა. აუხსენით მშობელს, რომ ბავშვს გარშემო შემოუწყოს სათამაშოები, დააწვინოს ბავშვი მუცელზე და მასთან ერთად სცადოს სათამაშოების მოძებნა და შეგროვება.
ზოგჯერ დაუმალოს სათამაშო და მისი მოძებნა დაავალოს. ეს მარტივი დავალება/თამაშები, მნიშვნელოვანია როგორც კომუნიკაციური უნარების, ისე მოტორული, სენსორული და
ფიზიკური განვითარებისთვის
• აუცილებელია სათამაშო იყოს უსაფრთხო, ამ ასაკში მიზანშეწონილი არ არის მცირე ზომის სათამაშოების და დეტალებისგან შემდგარი სათამაშოების გამოყენება. ოჯახში სათამაშოების არარსებობისას, მშობელს აუხსენით მათი მნიშვნელობა. განუმარტეთ, რომ მარტივი,არაძვირადღირებული კუბები, სახატავი მასალა, პლასტილინი, ნაჭრის ან ქაღალდის ფერადი წიგნები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და თამაშისათვის,ვიდრე ძვირადღირებული ან ძვირფასი სათამაშოები. ოჯახში თანხა სათამაშოების ხარჯზე არ უნდა იზოგებოდეს. გახსოვდეთ, ისინი ისევე მნიშვნელოვანია ბავშვისათვის, როგორც საკვები. კვება და თამაში ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის საწინდარია. მშობლებს მარტივად შეუძლიათ თავიანთი ხელით გაკეთებული სათამაშოები შესთავაზონ ბავშვს. მშობლის ხელით შექმნილი საჟღარუნო სათამაშო ან თოჯინა ბავშვისთვის ისეთივე სახალისო და ძვირფასია, როგორც ნაყიდი.
• ბავშვები მხოლოდ მცირე ხნით აჩერებენ ყურადღებას სათამაშოზე. ასწავლეთ მშობელს დროის ამ მონაკვეთის ეფექტიანად გამოყენება. აუხსენით, რომ რეგულარულ თამაშს
და მასთან ურთიერთობას გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვის განვითარებისთვის. დღის განმავლობაში მშობლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოყოფილი „ბავშვის საათი“ -
დრო, როდესაც ისინი მხოლოდ თამაშით იქნებიან დაკავებულნი. ასევე აუხსენით მათ, რომ ნებისმიერი მოვლის პროცედურა თამაშის ელემენტებსაც უნდა მოიცავდეს.
წყარო: uncef „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი„