რა უნდა გაითვალისწინოთ თუ სტუმრად ბავშვთან ერთად მიდიხართ

10-12-2022

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სტუმრად წასასვლელად?

ბევრი მშობელი სტუმრად ბავშვთან ერთად წასვლაზე მხოლოდ იმიტომ ამბობს უარს, რომ ხალხმრავლობაში ბავშვი  უსაფრთხოდ არ იქნება. ზოგიერთ მშობელი კი ფიქრობს, რომ, მათი შვილი სტუმრის სახლში ყველაფერს თავდაყირა დააყენებს. 
თუმცა იმისათვის, რომ, ბავშვთან ერთად მეგობარს ეწვიოთ, მოდუნდეთ და სასიამოვნო საღამო გაატაროთ, მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო - ვიზიტისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ და მხოლოდ რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. 

რა წესების დაცვა დაგვეხმარება?

თუ სტუმრად სამ წლამდე ბავშვთან ერად მიდიხართ, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბავშვისთვის მუდმივად მოგიწევთ ყურადღების მიქცევა. რაც გინდა ახლობელ ადამიანთან იყოთ სტუმრად, ბავშვისთვის მაინც უცხო გარემო იქნება და ეს შესაძლოა ბავშვისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს. შესაძლოა გაუფრთხილებლობით და ცნობისმოყვარეობის გამო ისეთი ნივთი აიღოს, რომელმაც მას საფრთხე შეუქმნას, ან რომლის აღებაც უბრალოდ არ შეიძლება. მსგავსი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მშობელმა ბავშვს ხშირად გააკითხოს. 

მშობლის ყურადღება ასევე დაიცავს ბავშვს სხვა ბავშვებთან ინციდენტებისგან. თუ მშობელი დროზე ჩაერევა და აუხსნის, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო, სამომავლოდ მსგავსი სიტუაციები ნაკლებად ექნება.

სტუმრად ბავშვთან ერთად,
თუ ბავშვი სამ წელზე მეტი ასაკის არის, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ სტუმრად წასასვლელად. აუხსენით ყველა წესი, რომელიც სტუმრად ყოფნის და სხვის სახლში ყოფნის დროს უნდა დაიცვას. ეცადეთ არ ახსენოთ ისეთი ფრაზები, როგორიც არის „არ შეიძლება“, „ხელი არ მოკიდო“, „აკრძალულია“ და ა.შ. არც ის დაივიწყოთ, რომ თქვენი საქციელი ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითია. 

როგორ მოვამზადოთ ბავშვი წინასწარ?

მიბაძვა ბავშვისთვის შთაგონების წყაროა, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის ჩამოყალიბებისკენ. ამიტომ იყავით ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი. 
გზად სტუმრისაკენ აუხსენით ბავშვს, სად მიდიხართ და რა უნდა გააკეთოთ იქ. 
როდესაც შეხვალთ, სახლში ჩაუტარეთ პატარა ექსკურსია, დაათვალიერებინეთ ყველაფერი. თუ რომელიმე ნივთით დაინტერესდა, აუხსენით, რატომ არ შეიძლება ამ ნივთისთვის ხელის მოკიდება, ან მიეცით საშუალება თქვენთან ერთად შეეხოს აღნიშნულ ნივთს, რა თქმა უნდა, მასპინძლის თანხმობით.  ექსკურსიის დამთავრებისთანავე მიეცით ბავშვს საშუალება დამოუკიდებლად იგრძნოს თავი, ითამაშოს, ეცადეთ ისე დაჯდეთ, რომ ბავშვს ხედავდეთ და შეუმჩნევლად აკონტროლებდეთ. ასე თავიდან აიცილებთ უსიამოვნო სიტუაციებს.  ეცადეთ, რომ პირველ ჯერზე სტუმრობა დიდხანს არ გაგიგრძელდე, 2 საათი აბსოლუტურად საკმარისი იქნება. ამ პერიოდში, დიდი ალბათობით, ბავშვი დაიღლება და მოიწყენს. სტუმრობის პერიოდი თანდათან შეგიძლიათ გაახანგრძლივოთ.