ტელევიზორი და კომპიუტერი
• 18 თვემდე მიზანშეწონილი არ არის ბავშვი დროს ტელევიზორთან, ტელეფონთან, ან კომპიუტერის ეკრანთან ატარდებდეს. დადგენილია, რომ ამ ასაკში ეკრანის დრო აფერხებს მეტყველების განვითარებას;
• 18 თვის შემდეგ ეკრანის დრო 1-2 სთ-ს არ უნდა აღემატებოდეს (უპირატესად ტელევიზორი და არა ტელეფონი და კომპიუტერი). ბავშვი აქტიურ თამაშში მეტ დროს უნდა ატარებდეს,
ვიდრე ეკრანთან. აუცილებელია მშობელი ბავშთან ერთად უყურებდეს პროგრამას,რომელსაც ბავშვი უყურებს და უხსნიდეს, რა ხდება, ვინაიდან ამ ასაკში ბავშვი ვერ არჩევს
ფანტაზიას რეალობისგან.
ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება
• ბავშვის მზადყოფნას ტუალეტის გამოყენებაზე მიუთითებს: ბავშვი იწყებს საუბარს, 2 საათი შეიძლება იყოს მშრალი, შეუძლია ჩაიწიოს საცვალი/შარვალი, შეუძლია თქვას, რომ
დასველდა. შეჩვევის პერიოდში მნიშვნელოვანია ქოთნის ხშირი გამოყენება, დაახლოებით 10-ჯერ დღეში, ბავშვის დასმა ქოთანზე კვების შემდეგ. მშობელმა უნდა წაახალისოს და
შეაქოს ყოველი წარმატებული მცდელობა.
ქცევა და დისციპლინა
• მშობლებმა ხშირად უნდა შეაქონ და წაახალისონ ბავშვის ყოველი კარგი საქციელი;
უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ ბავშვის მოსაზრებებს და სურვილებს;
• მნიშვნელოვანია ოჯახში დააწესონ წესები, რომლებსაც ყოველთვის დაიცავს ოჯახის თითოეული წევრი. ამავე დროს, მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვი ამ ასაკში ყველაფერს მცდელობების, ექსპერიმენტების და წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯების გზით სწავლობს. ამიტომ გაუმართლებელია ყველაფრის აკრძალვა. მეტად მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას;
• მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ ასაკში ბავშვს უჭირს მათთან განშორება, ამიტომ თანდათან უნდა შეაჩვიონ დატოვებას, მცირე დროით დაიწყონ;
• ამ ასაკში მნიშვნელოვანია ლიმიტირებული არჩევანის დაწესება, ბავშვს უნდა მიეცეს შანსი,თავად აირჩიოს 2 საგანს შორის, თუ რა უნდა (არჩევანი 2 საკვებს, 2 ჩასაცმელს შორის);
• თუ ცუდად იქცევა, მკაცრად უნდა უთხრან „არა“ და მისი ყურადღება სხვა აქტივობაზე გადაიტანონ. დაუშვებელია ბავშვის დაშინება, ყვირილი, ცემა;
• ამ ასაკში ხშირად ვლინდება პირველი სიჯიუტის ეპიზოდები და შეტევები, ე.წ. „ტანტრუმი“, როდესაც ბავშვი შეიძლება გაბმულად ტიროდეს, ძირს ეცემოდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია
ამ საქციელის იგნორირება. ბავშვს უნდა შესთავაზონ მისთვის საინტერესო და საყვარელი საქმიანობა, როგორც კი თავად დაწყნარდება. დამშვიდების შემდეგ უნდა აუხსნან, რომ იგი
ძალიან უყვართ, მაგრამ ამგვარ საქციელს არ დაუშვებენ.
• მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ დაუშვებელია ბავშვის დამცირება, მისი სიტყვიერი შეურაცხოფა, სხვა ბავშვებთან მისი შედარება და სხვების უპირატესობის ჩვენება, რაც ბავშვზე ემოციური ძალადობის გამოვლინებაა და იწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას და შემდგომში მრავალი ქცევითი პრობლემის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს
წყარო: unicef „ზრდისა და განვითარების მონიტორნგი“