დავიწყოთ იმით, რომ ამ ასაკში ბავშვს ეცვლება სხეული და პროპორციები. ამ ასაკის ბავში აღარ არის პატარა და ფუმფულა ჩვილი. ინტენსიურად უვითარდება წვრილი და მსხვილი მოტორიკა. მოძრაობის აქტივობა პიკს აღწევს. ტვინის სწრაფი განვითარება მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს. ხდება ვიზუალურ-ეფექტური აზროვნებიდან ფიგურალურზე გადასვლა, ბავშვის ლექსიკური მარაგი იხვეწება და მდიდრდება. უმჯობესდება მეხსიერება და წარმოსახვა. ძალიან მოკლე დროში მთლიანდ იცვლება ბავშვის შინაგანი სამყარო. ეს ცვლილება განაპირობებს მისი ხასიათის თავისებურებებს, მის ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან და ბავშვებთან. სწორედ სამი წლის ასაკში ყალიბდება მისი „მე“ . ამ საკმაოდ სერიოზული ცვლილებებიდან გამომდინარე ბავშვი ხშირად გაღიზიანებული და ძალიან სენსიტიურია.
ფიზიოლოგიისგან განსხვავებით, მის კვებით რაციონში და დღის წესრიგში განსაკუთრებული ცვლილებები არ აღინიშნება. წელიწადში ერთხელ ბავშვს აუცილებლად ჩაუტარეთ სამედიცინო დათვალიერება. ამ ასაკში ბავშვები განსაკუთრებით აქტიურები არიან.
ის კარგად იცავს წონასწორობას, გადაადგილდება მარტივად, ზედმეტი სირთულეების გარეშე. ადვილად იცვლის მიმართულებას სირბილისა თუ სიარულის დროს. შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული და ერთ ფეხზე დგომა. ხტუნაობს. შეუძლია გადაახტეს პატარა სიმაღლეს. იჭერს და აგდებს ბურთს. მოაჯირზე ხელის მოკიდებით მარტივად ადის და ჩადის კიბეზე. სეირნობს სამბორბლიან ველოსიპედზე. შეუძლია თავად ჩაიცვას და გაიხადოს მარტივი ტანსაცმელი, შეიკრას და გაიხსნას ღილები, გაიხადოს და ჩაიცვას ფეხსაცმელები თასმების გარეშე, ასევე მარტივად მოიხმარს ჩანგალსა და კოვზს და ჭამს აკურატულად. შეუძლია ასევე ფანქრისა თუ საწერ კალმის ჭერა და პლასტინინისგან მარტივი ნივთების, მაგალითად ბურთულების გაკეთება, საბავშვო მაკრატლით ქაღალდის გაჭრა. ასევე ხატავს ფურცელზე და დაფაზე მარტივ ფიგურებს. ნელ-ნელა სწავლობს დამოუკიდებლობას. სიტყვათა მარაგი სულ უფრო იზრდება და იწყებს წინადადებების თავად აწყობას. როგორც წესი, მარტივად შედის დიალოგში მეორე პირთან. შეუძლია ემოციების გამოხატვა. მისი საკონტაქტო წრე იზრდება, ადვილად ამყარებს კონტაქტს მისთვის უცნობ ბავშვებთანაც.
თუ თქვენი შვილი უკვე არის სამი წლის და ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან უმრავლესობას ვერ ასრულებას, უჭირს საუბარი, წინადადების აგება, აზრის გამოტანა, ბურთის სრილა ან დაჭერა, ფანქრის დაჭერა, საკუთარი ხელით ჭამა-სმა, გირჩევთ მიმართოთ სპეციალისტს.
ამ ასაკში მკვეთრად იცვლება ბავშვის თამაშის ტიპებიც. ახლა ის ემოციურად ერთვება თამაშში და ლოგიკას მისდევს, რაც მის განვითარებას უწყობს ხელს. ამ ასაკში ბავშვები ერთ ნივთს სხვა ნივთად გადააკეთებენ ხოლმე და მას სახელწოდებას ანიჭებენ.
სულ უფრო ხშირად გაიგონებით სამი წლის ასაკის ბავშვისგან ფრაზას „მე თვითონ“. ეს ნორმალურია, ესაა მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ.
ასევე ხშირად აქვს ისტერიკები, მცდელობა, გაიტანოს საკუთარ აზრი, ეს არის სამი წლის ასაკის კრიზისი, ესეც ნორმალურია, თუმცა მშობელს უნდა შეეძლოს სიტუაციის მართვა და კონტროლი.
ამ ასაკში ბავშვს ისე უნდა მოექცეთ, როგორც ზრდასრულს, რადგან მას საკუთარი „მე“ უყალიბდება და ასეთი მიდგომა მას თვითშეფასების ამაღლებაში დაეხმარება.
ეცადეთ ხშირად შეაქოთ ნებისმიერი მიღწევის დროს, წაახალისოთ. ეს მას ძალიან სჭირდება. ამ ასაკში იგი შედეგის მიღებაზეა ორიენტირებული. ეს მისი კრიზისიდან გამოსვლის შემდგომი ეტაპია.
სამი წლის ასაკი ოჯახისთვის ერთგვარი გამოცდაა. ეს საკმაოდ რთული პერიოდია, რომელიც მშობელმა მოთმინებით და სიმშვიდით უნდა გადალახოს.
პატივი ეცით ბავშვის სურვილებს, მის აზრებს, იყავით დამთმობი მის მიმართ. ყველაზე რთულ მომენტშიც კი შეინარჩუნეთ სიმშვიდე.