განვითარება ინდივიდუალური პროცესია და სხვადასხვა ბავშვთან განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს, მაგალითად, ზოგიერთი ბავშვი ერთი წლის ასაკში იწყებს საუბარს, მაშინ როდესაც ამ ასაკის სხვა ბავშვი ურთიერთობს მხოლოდ ჟესტების საშუალებით და ლაპარაკს იწყებს უცაბედად მთელი წინადადებებით ორი წლის ასაკში. ზოგიერთი ბავშვი სიარულს იწყებს 10-11 თვის ასაკში, როდესაც მათი თანატოლები მხოლოდ ხოხავენ. ექიმი ყოველთვის უნდა აცნობიერებდეს, რომ თუ ბავშვი ვერ ასრულებს ასაკის შესაბამის უნარ-ჩვევებს, ეს ყოველთვის არ ნიშნავს განვითარების შეფერხებას და შეიძლება მოითხოვდეს განსაკუთრებულ ხელშეწყობას და ზოგიერთ შემთხვევაში განვითარების სკრინინგის ჩატარებას. დადგენილია, რომ სწორედ ტვინის განვითარების კრიტიკულ პერიოდში (ადრეული ასაკი) განვითარების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში სპეციფიკური ინტერვენცია გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე ჩარევა სასკოლო ასაკის პერიოდში. თუ პირველად ჯანდაცვის
რგოლში არ ტარდება განვითარების მონიტორინგი და სკრინინგი, განვითარების სხვადასხვა დარღვევა 30-40%-ში მხოლოდ სკოლაში შესვლის შემდეგ ვლინდება და იკარგება ის ყველაზე კრიტიკული პერიოდი, როდესაც ჩარევა განსაკუთრებით ეფექტიანია.
სწორედ ამიტომ, ჯანმრთელ ბავშვზე მეთვალყურეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვის განვითარების შეფასება, პრობლემების ადრეული გამოვლენა, ადეკვატური მართვა/რეფერალი და მშობლის კონსულტირება განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე.
განვითარება მოიცავს ფიზიკურ, მოტორულ, სოციალურ-ემოციურ, კოგნიტურ (შემეცნებით) სფეროს და გრძნობათა ორგანოების (მხედეველობა, სმენა) განვითარებას, ხშირად კოგნიტური სფეროდან ცალკე გამოყოფენ მეტყველებას.
თითოეული სფეროს განვითარების დონე მოქმედებს სხვა სფეროებზეც, ანუ ბავშვის განვითარება ერთიანი პროცესია, რომელიც მიმდინარეობს მარტივიდან რთულისკენ: მაგალითად, სანამ ბავშვი ფეხზე დგომას სწავლობს, ის ჯდება, სანამ წინადადებებითა და ფრაზებით ალაპარაკდებოდეს, ცალკეულ სიტყვას წარმოთქვამს და ოთხკუთხედის დახატვამდე სფეროს ფორმის დახატვა შეუძლია და სხვ.
განვითარების სფეროები:
მოტორული სფერო ასახავს ბავშვის უნარს, სხვადასხვა ჯგუფის კუნთების მოქმედებით შეასრულოს ესა თუ ის მოძრაობა. მოტორული განვითარება მოიცავს მსხვილ, ანუ უხეშ და წვრილ, ანუ ნატიფ მოტორიკას.
მსხვილი (უხეში) მოტორიკა მსხვილი კუნთების კონტროლის უნარია, რომელთა საშუალებით ბავშვი ახერხებს თავის დაჭერას, ჯდომას, სიარულს, სირბილს, ბურთის სროლას და სხვ.
წვრილი (ნატიფი) მოტორიკა წვრილი კუნთების (მაჯისა და თითების მომხრელი და გამშლელი, თვალის სწორი და ირიბი კუნთები) კონტროლის უნარია, რომელთა საშუალებითაც იგი ახერხებს თვალი გააყოლოს საგნებს, მოეჭიდოს სათამაშოს,
დახატოს, დაწეროს და სხვ.
სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი ასახავს ბავშვის მიერ საკუთარი გრძნობების გაგებისა და ემოციების გამოხატვის, სხვათა გრძნობების აღქმისა და
შესაბამისად რეაგირების უნარს. სოციალური სფერო მოიცავს ბავშვის ურთიერთობას უფროსთან და თანატოლებთან.
კოგნიტური, ინტელექტუალური ანუ შემცნებითი სფერო განსაზღვრავს ბავშვის უნარს, აღიქვას, ანალიზი გაუკეთოს, დაიმახსოვროს, მიიღოს გადაწყვეტილება და შეძლოს პრობლემის გადაჭრა, ამავე დროს იგი უზრუნველყოფს ცოდნის მიღების
პროცესს, წარმოდგენების შექმნას სამყაროს მოვლენების, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის შესახებ და აბსტრაქტულ აზროვნებას. კოგნიტური სფეროს განვითარებაზე დამოკიდებულია სასკოლო მზაობა. მოცემული სფეროს განვითარებაზე
ზემოქმედებას ახდენს მხედველობის, სმენისა და მეტყველების ანალიზატორის ფუნქციონირება.
განვითარების შეფასება თანმიმდევრული პროცესია, რომლის დროსაც ტარდება ბავშვის განვითარების მონიტორინგი, ხდება განვითარების შეფერხების დროული ამოცნობა და ისახება შესაბამისი ინტერვენციის გეგმა, რაც აუმჯობესებს დაავადების გამოსავალს, დადებით ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და სასკოლო მოსწრებაზე და მინიმუმამდე ამცირებს მეორადი გართულებების განვითარების რისკს
წყარო „unicef -ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“