ყოველდღიური ტუალეტი – ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვის ყოველდღიური ტუალეტი დილით პირის, ხელების დაბანითა და კბილების გასუფთავებით იწყება. აუცილებელია ბავშვი მიეჩვიოს ხელების დაბანას სეირნობიდან დაბრუნების, ცხოველებთან თამაშის, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ და საკვების მიღების წინ. 2 წლის ასაკიდან ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად შეასრულოს ეს პროცედურა, რაშიც უფროსებმაც უნდა შეუწყონ ხელი. პირსაბანთან სასურველია პატარა სკამის მოთავსება, პირსახოცის დაკიდება ისეთ სიმაღლეზე, რომ ბავშვი მას ადვილად მისწვდეს. თუმცა ბავშვი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. 2-3 წლის ასაკის ბავშვი უნდა მიაჩვიონ ცხვირსახოცის დამოუკიდებლად ხმარებას.
კბილების გახეხვა – კბილებზე ზრუნვა მათი ამოჭრისთანავე იწყება. წლამდე რეკომენდებულია კბილის გაწმენდა რბილი ქსოვილით. წლის ასაკიდან, დღეში ერთხელ მაინც, რბილი ჯაგრისით უნდა გაუხეხონ ბავშვს კბილები. 3 წლის ასაკიდან ბავშვმა დამოუკიდებლად უნდა გაიხეხოს კბილები 2-ჯერ დღეში, სპეციალური საბავშვო კბილის პასტით. აუცილებელია ადრეული ასაკის გაიხეხოს კბილის როგორც წინა, ისე უკანა ზედაპირი (მიმართულება ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ). საკვების მიღების შემდეგ სასურველია პირის ღრუში წყლის გამოვლება, რათა საკვების ნარჩენებმა არ გამოიწვიოს კბილების დაზიანება.
ფრჩხილების მოვლა - ფრჩხილი უნდა მოიჭრას მოკლედ, ხელის თითებზე მომრგვალებული ფორმით, ფეხზე –სწორხაზოვნად,ფრჩხილის ჩაბრუნების თავიდან ასაცილებლად. 2-3 დღეში ერთხელ მიზანშეწონილია ყურების გაწმენდა.
ჰიგიენური აბაზანა - ერთი წლის ასაკიდან უნდა ჩატარდეს კვირაში 2-3-ჯერ წელიწადის დროის და ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, ბავშვის საპნით და ნაზი ღრუბლის გამოყენებით. ჩაბანვა – ბავშვი უნდა მიეჩვიოს ჩაბანვას ყოველდღიურად.
ჩაცმა – ტანსაცმელი უნდა შეურჩიოთ წელიწადის დროის შესაბამისად. ბავშვის გადახურება ისევე მავნებელია, როგორც გადაცივება. მსუბუქი და თავისუფალი ტანსაცმელი არ ზღუდავს ბავშვის აქტივობას და მოძრაობას.
ჰაერზე სეირნობა – აუცილებელია ყოველდღე. სეირნობის დროს ბავშვს სეზონის შესაბამისად უნდა ეცვას და მზეზე აუცილებლად უნდა ეხუროს ქუდი. დღის რეჟიმი და ძილი დღის რეჟიმის დაცვა ბავშვის სწორი აღზრდის აუცილებელი პირობაა და ხელს უწყობს დისციპლინის, ნებისყოფის ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად ამცირებს მშობლებთან კონფლიქტების რისკს. დღის რეჟიმი გულისხმობს კვების, ძილის და სხვადასხვა აქტივობას შორის დროის განაწილებას. მშობელს/აღმზრდელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვს ადვილად ღლის ერთფეროვნება, ამიტომ დრო რაციონალურად უნდა განაწილდეს და დაეთმოს როგორც სწავლის და შემეცნების პროცესს, ისე დასვენებას, თამაშს და ფიზიკურ აქტივობას.
წყარო: Unicef „ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“