ჟურნალისტი, ბლოგერი, ძუძუთი კვების მხარდამჭერი აქტივისტი, ლაქტაციის მრჩეველი, შორენა ლაღაძე გვესაუბრება გავრცელებულ შეცდომებსა და შეხედულებებზე:
„სამშობიაროში რძე არ მქონდა, ამიტომ ბავშვს დამატება მივეცი“
- სამშობიაროში რძე თითქმის არავის აქვს, რადგან მშობიარობისთანავე ქალის მკერდში დგება ხსენი. ხსენი ცოტაა და ბავშვსაც 5 მლ ჰყოფნის. ის მაღალკალოროულია და ბევრად ცხიმიანი, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური რძე. ასევე, ადვილად მოსანელებელია. ხსენი არ შეიგრძნობა ხელით, მის გამოწველას მკერდის სპეციფიკური დამუშავება სჭირდება. თუ ჩვენ ძუძუთი კვებას სწორად არ წარვმარავთ, სამწუხაროდ, ბავშვი ვერ გამოწოვს ხსენს და მართლაც შეიძლება დარჩეს მშიერი. კვების სწორად წარმართვისათვის მიმართეთ ლაქტაციის სპეციალისტს. მას ჩვენი ქვეყნის და საერთაშორისო კანონმდებლობა ავალდებულებს, დაგეხმაროთ და გასწავლოთ ძუძუთი კვების წესები. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ამისათვის ლაქტაციის სპეციალისტი არსებობს. სამწუხაროდ-ჩვენთან სპეციალისტების ყოფნა სამშობიაროში არ არის გათვალისწინებული.
„ხსენი ძალიან მუქი ფერის იყო ამიტომ, გამოვიწველე და გადავასხი“
- ხსენი შეიძლება იყოს ნარინჯისფერი, მუქი კაკაოსფერი, ყავისფერი, მუქი ყვითელი, ღია ყვითელი, მოწითალო, მუქი რძისფერი. მისი ფერი დამოკიდებულია მასში სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერების რაოდენობაზე. არ დატოვოთ ტვენი ჩვილი ხსენის გარეშე, მისი ჭამის საშუალება ბავშვს ცხოვრებაში ერთხელ აქვს. ხსენი უნიკალური ნივთიერებაა, შეუცვლელია ახალშობილის ჯანმრთელობისათვის. ექიმები მას თხევად ოქროს უწოდებენ.
„ჩემი რძე მოთეთრო ფერის იყო, წყალწყალა, ამიტომ მირჩიეს შემემოწმებინა“
- ქალის რძის ამ ტიპის ანალიზის შესახებ უცხოურ სამედიცინო წყაროებში ვერაფერს ნახავთ, უბრალო მიზეზით, ქალის რძის ცხიმიანობის ანალიზი მედიცინაში არ არსებობს. თუმცა, არსებობს თხის, ცხვრის, ძროხის რძის ანალიზი, რადგან მათი რძე განსხვავდება ჩვენი რძისგან. რაც შეეხება რძის ფერს, ის შეიძლება იყოს ცისფერი, გამჭვირვალე, თეთრი, ყვითელი, მომწვანო, მოვარდისფრო. ყველა ფერის რძე სასარგებლოა. დედის რძე ძუძუში ორ ნაწილად იყოფა - წინა, დაბალცხიმიანი და უკანა-მაღალცხიმიანი. ბავშვი თუ ძუძუს სწორად წოვს, ის მიიღებს ორივე რძეს, დანაყრდება და წონაში ნორმალურად მოიმატებს. თუ პატარა ვერ იმატებს და ვერ ნაყრდება, ესე იგი თქვენ არასწორად წარმართავთ ძუძუთი კვებას.
„ბავშვი ვერ კმაყოფილდება ჩემი რძით, ამიტომ ვუმატებ ხელოვნურს“
- თუ ძუძუთი კვება სწორად წარიმართება, ბავშვი ყოველთვის კმაყოფილდება დედის რძით.
„რძე არ მაქვს და არაფერმა არ მომიყვანა„
- თუ თქვენ გვაქვთ მძიმე ჰორმონალური ან ფსიქიკური დარღვევა, შეიძლება რძე მართლაც ცოტა იყოს. ამ შემთხვევაში გჭირდებათ მედიკოსის დახმარება. სხვა შემთხვევაში, თუ ძუძუთი კვებას სწორად წარმართავთ, რძე აუცილებლად გექნებათ იმდენი, რამდენიც ბავშვს იმ მომენტში სჭირდება.
„ბავშვი სულ ტირის, იმიტომ, რომ რძე არ ჰყოფნის“
- ბავშვები ჩვენნაირი ადამიანები არიან, მათ აქვთ ემოციები და პრეტენზიები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ჯერ სიტყვით ვერ გამოხატავენ. ისინი ათასი სხვადასხვა მიზეზით ტირიან, ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მათი ტირილის ამოცნობა.
„ბავშვს პირველივე დღიდან რძესთან ერთად ვაძლევ წყალს, იმიტომ, რომ პირი უშრება და წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია“
- წყალი აუცილებელია, მაგრამ ჩვენთვის და არა ახალშობილისათვის. დავიწყოთ იქედან, რომ უშრება თუ არა პირი ბავშვს, ამას ვერ გავიგებთ, თუ თავად არ გვეტყვის. დედის რძე იმაზე მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე გვგონია. 6 თვემდე წყლის დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის წონის პრობლემები და დიდ ასაკში თირკმელისა და საშარდე გზების შეუქცევადი დაავადებები.
„6 თვის მერე აზრი აღარ აქვს ძუძუთი კვებას სასარგებლო აღარ არის“
ძუძუთი კვება სასარგებლოა მანამ, სანამ მას ბავშვისა და ჩვენი სურვილით ვაგრძელებთ.
ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს დედის რძეს ბავშვისთვის ?
- პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რო ყველა ქალს აქვს უფლება, უარი თქვას ძუძუთი კვებაზე, თუ ეს პროცესი მის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
რაც შეეხება ბავშვს-ხელოვნური კვების ბიზნესი ათეულობით წლებია შექმნეს დედის რძესთან ახლოს მყოფი ნარევი, მაგრამ ჯერჯერობით ეს სიტყვები მხოლოდ მარკეტინგულ ხრიკად რჩება, გაყიდვების გაზრდისათვის. დედის რძის ანალოგის შექმნა შეუძლებელია. ის უნიკალური, ცოცხალი სითხეა, დამზადებული თქვენი შვილისათვის. დედის რძე შეიცავს ასობით სხვადასხვა ცოცხალ ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს, ეხმარება მის ყველა ორგანოს სწორად ჩამოყალიბებაში.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურად ძალიან ცოტა ბავშვი იზრდება დედის რძით, ძირითადად არასწორი ინფორმაციის ან კვების არასწორად წარმართვის გამო. მეძუძური ქალები კი ხშირად განიცდიან წნეხსა და ბულინგს საზოგადოების მხრიდან.