მითები ძუძუთი კვების შესახებ

04-09-2021

მას შემდეგ რაც ძუძთი კვებას დაიწყებთ, გარშემომყოფებისგან ბევრ ასეთ მითს გაიგებთ. ამ თემაზე გვასაუბრება რეზიდენტი პედიატრი, ანა ბაღდავაძე 

მითი, ნომერი პირველი: ბავშვს მხოლოდ ხსენი არ ეყოფა, დაუმატე ხელოვნური საკვები.

ხსენი საკმარისია, ხოლო ხელოვნური საკვების დამატება ასეთ დროს ყველაზე დიდი შეცდომაა. მშობიარობის შემდეგ თქვენი სარძევე ჯირკვალი გამოყოფს ხსენს.

რა არის ხსენი? აი ის, ოქროსფერი (თუმცა შესაძლოა იყოს სხვადასხვა შეფერილობის) წვეთები არის ზუსტად ხსენი. ხსენი არის და უნდა იყოს თქვენი შვილების პირველი საკვები. 
როგორია ხსენი? ხსენი ბლანტი, მაღალკალორიული და ადვილად მოსანელებელია. ის შეუცვლელი საკვებია ახალშობილისთვის. შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებსა და იმუნოგლობულინებს, რის გამოც მას ახალშობილის პირველ იმუნიზაციასაც უწოდებენ. ძალიან ბევრ დედას ჰგონია, რომ მშობიარობისთანავე უნდა ჰქონდეს რძის ჩანჩქერები, ეს მოლოდინი არასწორია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მშობიარობიდან პირველი 24 საათის განმავლობაში დედის სარძევე ჯირკვლიდან გამოიყოფა 37 მლ ხსენი. ჰყოფნის თუ არა ახალშობილს 37 მლ ხსენი? რა თქმა უნდა, ჰყოფნის! რატომ? იმიტომ, რომ ახალშობილი იბადება პაწაწინა კუჭით. ახალშობილის კუჭის ტევადობა 5 მლ-ია. 37 მლ ხსენს კი პატარა ანაწილებს 8 ულუფად და დღე-ღამის განმავლობაში 8-ჯერ მიირთმევს დაახლოებით 3,5-4 მლ ხსენს, რაც სრულად აკმაყოფილებს ახალშობილის მოთხოვნილებას როგორც საკვებზე, ასევე სითხეზე. ასე რომ, შევთანხმდეთ, რომ ხსენის რამდენიმე წვეთიც კი აბსოლუტურად საკმარისია ახალშობილის პაწაწინა კუჭის შესავსებად, მითუმეტეს რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ხსენი ძალიან ნოყიერია. 
ახალბედა დედებს ხშირად მოუწოდებენ, რომ რძე არ აქვთ, ხსენი არ ჰქოფნის პატარას, დედა სთავაზობს ახალშობილს ადაპტირებულ ნარევს, რაც დიდი შეცდომაა. ადაპტირებული ნარევის დამატება ამცირებს რძეზე მოთხოვნილებას, რძეზე მოთხოვნილების შემცირება კი ავტომატურად ამცირებს რძის წარმოქმნას. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ხსენი საკმარისია, აწოვეთ ხშირად და სწორი მოჭიდებით და აიღეთ გეზი წარმატებული ლაქტაციისკენ! იხილეთ ვიდეო
 
მითი, ნომერი ორი: ბავშვი იმიტომ ტირის, რომ რძე არ ყოფნის. 
ჩვილები ტირიან, როცა შიათ, მაგრამ როცა ტირიან, ყოველთვის არ შიათ. ტირილი გახლავთ ჩვილის გარემოსთან კომუნიკაციის ერთადერთი მეთოდი. ის ტირის, როცა სცხელა, სცივა, დაღლილია, ეძინება, ტირის, როცა დედასთან სიახლოვე სჭირდება. ჩვილის ტირილი დედებისთვის არასასიამოვნო მოსასმენია, თუმცა, დედიკოებო, არასწორია საკუთარი თავის დადანაშაულება. რატომღაც დედების უმეტესობა თვლის, რომ ჩვილის ტირილის მიზეზი შიმშილია. 
განვიხილოთ კლასიკური შემთხვევა. ძუძუთი კვების შემდეგ ჩვილი ტირის, დედა მიიჩნევს, რომ ჩვილს რძე არ ეყო და უმატებს ადაპტირებულ ნარევს (რაც რა თქმა უნდა არასწორია). ადაპტირებული ნარევის მიღების შემდეგ ჩვილი იძინებს, ხოლო დედას ჰგონია, რომ ჩვილის ჩაძინების მიზეზი დანაყრებაა, რაც ასევე შეცდომა გახლავთ. რატომ? დედის რძე იდეალური საკვებია, ის ადვილად მოსანელებელია. ადაპტირებული ნარევი კი რთული ნარევია, ის დედის რძისგან განსხვავებით რთული მოსანელებელია, ჩვილის ორგანიზმს ადაპტირებული ნარევის მოსანელებლად სჭირდება ენერგია, სწორედ ამიტომ, ჩვილი იძინებს, რომ ორგანიზმმა მოინელოს. დედას ექმნება ილუზია, რომ ჩვილი დანაყრდა. სინამდვილეში კი, ჩვილი იძინებს არა იმიტომ, რომ დანაყრდა, არამედი იმიტომ, რომ მოინელოს. იხილეთ ვიდეო 
 
მითი, ნომერი 3 ბავშვი კარგად ვერ ნაყრდება, რძის შემადგენლობა შეიმოწმე. 

დედის რძე შეუცვლელი საკვებია ნებისმიერი პატარასთვის. დედის რძე უნიკალურია, ის იცვლება ჩვილის მოთხოვნილებისამებრ. მსოფლიოში არ არსებობს ტესტი, ანალიზი ან კვლევა, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას დედის რძის ვარგისიანობის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს უვარგისი რძე. ყველა დედას აქვს ზუსტად ისეთი რძე, როგორიც თავის შვილს სჭირდება, ყველა დედას აქვს ზუსტად იმდენი რძე, რამდენიც მის შვილს სჭირდება. მთავარია დავიცვათ ძუძუთი კვების პრინციპები, როგორიცაა ხშირი წოვა, სწორი მოჭიდება, ძუძუს ბოლომდე დაცლა, უკანა რძის მიღება და ა.შ. ლაქტაციის ზემოთ ჩამოთვლილი პრიცნიპების დაცვა კი წარმატებული ლაქტაციის გარანტია, ყოველგვარი რძის გადასამოწმებელი ანალიზების გარეშე.