ტატუ და ძუძუთი კვება

19-09-2023


ალბათ  გაინტერესებთ, უსაფრთხოა თუ არა ბავშვის ძუძუთი კვება იმ შემთხვევაში, თუ დედას  ტატუირება აქვს გაკეთებული. ან შესაძლოა ფიქრობთ ტატუს გაკეთებაზე ან მის  მოცილებაზე, ამ დროს ჩვილი  ძუძუზე გყავთ და გაინტერესებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მისთვის. მოდით გავარკვიოთ.

ტატუირება და ძუძუთი კვება, ტატუ და ძუძუთი კვება, ტატუ,
უსაფრთხოა თუ არა ტატუს გაკეთება ბავშვის ძუძუთი კვების დროს?

ტატუ კეთდება კანის (მეორე) ფენაში მელნის შეყვანით. ტატუ არტისტები  იყენებენ ხელის ელექტრო მანქანას, რომელიც აღჭურვილია ნემსებით და მასში შემავალი მელნით. მელანი ნემსების მეშვეობით  ხვდება კანში რამდენიმე მილიმეტრის  სიღრმეზე. მელანი, რომელიც ტატუირების დროს გამოიყენება, უმეტეს შემთხვევაში  ექვემდებარება FDA რეგულაციებს, თუმცა  კანქვეშ ინიექციისთვის განკუთვნილი არ არის.  ტატუს მელანი სხვადასხვა ნაერთისგან მზადდება, მათ შორის მძიმე მეტალებისგან, მაგალითად ისეთისგან, როგორიცაა კადმიუმი, კობალტი და მანგანუმი. თუმცა არსებობს მელნის სინთეზური და ვეგანური ბრენდები. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მელნის მოლეკულები ძალიან დიდია საიმისოდ, რომ ტატუირების პროცესის დროს დედის რძეში შეაღწიოს.  კანში შეყვანის შემდეგ მელანი მკვრივდება და რჩება კანის მეორე ფენაში, მაგრამ ზუსტად არავინ იცის,  შეუძლია თუ არა მელანს დედის რძეში გადასვლა, რადგან ის ნელ-ნელა  იშლება სხეულში თვეების ან წლების განმავლობაში.

ზოგადი ინფორმაცია ტატუირების შესახებ ასევე მეძუძურ ქალებს. 

ინფექციები ტატუირების ყველაზე სახიფათო მხარეა. ინფექციამ შესაძლოა თავი იჩინოს მაშინ, როდესაც სათანადოდ არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები. 
ინფექციის მიზეზი შესაძლოა გახდეს მელანიც. ტატუს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ახალგაკეთებული ტატუ ძალიან სუფთად უნდა  შეინარჩუნოთ, მისი ჩამობანა მხოლოდ რბილი საპნით და წყლით არის მიზანშეწონილი.  პირველ ხანებში არც მზე უხდება. ტკივილის შემთხვევაში ხშირად ინიშნება გამაყუჩებელი. რაც შეეხება ინფექციებს, თუ არ არის დაცული სათანადო ჰიგიენური ნორმები, შესაძლოა განვითარდეს ისეთი ინფექციები, როგორიც არის  ჰეპატიტი, ტეტანუსი და აივ ინფექცია, ანუ შიდსი. 

ტატუირება და ძუძუთი კვება, ტატუ და ძუძუთი კვება, ტატუ,


ტატუ არტისტები შეგნებულად არიდებენ თავს ტატუს გაკეთებას  ორსული ან მეძუძური დედებისთვის. უმჯობესია  დედამ ბავშვის დაბადებიდან დაბადებიდან 9-12 თვე მაინც შეიკავოს თავი ტატუს გაკეთებისგან, ანუ იმ დრომდე,  როდესაც ბავშვი მხოლოდ დედის რძეზე არ იქნება დამოკიდებული. 

სახიფათოა  თუ არა ტატუს მოცილება ძუძუთი კვების დროს?

ტატუს მოცილება ხდება  ლაზერის გამოყენებით. ლაზერული ენერგია იწვევს ტატუს პიგმენტის დაშლას და ფრაგმენტაციას  პატარ-პატარა ნაწილაკებად, რომლებსაც სხეულის იმუნური სისტემა აგროვებს და ის ღვიძლის მეშვეობით იფილტრება. მოცილების პროცესი ხანგრძლივია, შესაძლოა   8-10 სეანსი დასჭირდეს  4-8 კვირის ინტერვალით. პროცესი საკმაოდ მტკივნეულია და შესაძლოა გართულებაც კი მოჰყვეს და ბოლომდე არც კი მოიხსნას. არც ის არის საბოლოოდ დადგენილი, რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი და მისი შემდგომი პერიოდი ბავშვის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების შემთხვევაში, ამიტომ ექიმების რეკომენდაციით, უმჯობესია დედა დაელოდოს ძუძუთი კვების დასრულებას და ამის შემდეგ მიმართოს ტატუ არტისტს მის მოსაშორებლად. 
ასე რომ, სანამ ტატუს გაკეთებას ან მოშორებას გადაწყვეტთ, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ ან ფეხმძიმედ ხართ, კარგად აწონ-დაწონეთ მოსალოდნელი რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. 

წყარო: La leche league