დედის რძე ჩვილისთვის შეუცვლელი რომ არის, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ რიგი გარემოებების გამო დედა ჩვილთან არ იმყოფება ან თუ დედას სურს რომ რძის მარაგი ჰქონდეს?
თუ სამსახურში გადიხართ, სპორტულ დარბაზში მიდიხართ ან უბრალოდ ძალიან გადაიღალეთ და გსურთ გამოიძინოთ და ბავშვი მეუღლეს ან დედას ჩააბარეთ, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ და მშვიდად იყოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვთან არ იქნებით, ის მაინც მოახერხებს დედის რძის მირთმევას. გამოწველილი რძე ძალიან კარგად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. ამიტომ, თუ ბავშვის გვერდით არ ხართ, თამამად შეგიძლიათ დაუტოვთ, ის ყველაფრით ჯობს ხელოვნურ დანამატს, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორად დაცვა. მოდით გავეცნოთ, როგორ უნდა შევინახოთ დედის რძე.
საქმე ის გახლავთ, რომ ახლად გამოწველილი დედის რძე უკეთ ებრძვის ბაქტერიებს. მასში მეტი ანტიოქსიდანტი, ვიტამინი და ცხიმია, ვიდრე გაციებულსა თუ გაყინულში.
სუფთა ჭურჭელში სწორად გამოწველილი დედის რძე შეიძლება შეინახოთ როგორც ოთახის ტემპერატურაზე, ისე მაცივარში ან საყინულეში. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანში აპირებთ მის მოხმარებას. უფრო კონკრეტულად ,შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს რეკომენდაციებს.
რეკომენდაციები გამოწველილი რძის შესანახად ჯანმრთელი ჩვილი ბავშვების კვების დროს
გაყინული დედის რძე ლღვება ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში მაცივარში, ხელახლა გაყინვა არ შეიძლება!
ცნება "განსაკუთრებით სუფთა პირობებში" გულისხმობს რძის გამოწველას ინსტრუქციის მკაცრი დაცვით, რაც თავისთავად ითვალისწინებს რძის საწველი აპარატის წმენდასა და სტერილიზაციას.
შენახვამდე რძიან ჭურჭელს აუცილებლად გაუკეთეთ წარწერა და მიუთითეთ რძის რაოდენობა და გამოწველის დრო.
ჯანმრთელ ჩვილს შეიძლება მისცეთ ოთახის ტემპერატურის რძე ან გაუთბოთ სხეულის ტემპერატურამდე. ზოგიერთი ბავშვისთვის რძის ტემპერატურა მნიშვნელოვანია, ზოგი კი ნებისმიერი ტემპერატურის რძეს მიირთმევს. იმისათვის, რომ რძე შეათბოთ, მოათავსეთ თბილი წყლით სავსე ჭურჭელში და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს. ბავშვის გამოკვებამდე რძის ჭურჭელი ოდნავ შეანჯღრიეთ.
რატომ აქვს დედის გამოწველილ რძეს უცნაური სუნი?
გამოწველილი და გაყინული რძის სუნი განსხვავდება ახლად გამოწველილი რძის სუნისგან. ეს აიხსნება ლიპაზის, ენზიმის მოქმედებით, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ის ხელს უწყობს ცხიმების დაშლას რძეში, რათა გამოყოს ცხიმში ხსნადი საკვები ნივთიერებები და ცხიმოვანი მჟავები. რძეს, რომელსაც აქვს ლიპაზის მაღალი დონე, შეიძლება გალღობის შემდეგ ჰქონდეს საპნის სუნი და შეცვლილი გემო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რძე გაფუჭდა. არის შემთხვევები, როდესაც შეცვლილი გემოს გამო ბავშვი უარს ამბობს კვებაზე. თუ რძეს ყინავთ და არ გსურთ რომ მას შეეცვალოს გემო ან სუნი გამოწველილი რძე უნდა მიიყვანოთ წამოდუღებამდე. რძე არ უნდა ადუღდეს, ის უნდა მიიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ აუცილებლად გააციოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაყინოთ. დაუშვებელია გამოწველილი, გაყინული და შემდეგ გამღვალი რძის ადუღება. ხოლო, თუ თქვენს პატარას არ აქვს პრობლემა და შეუძლია მიიღოს რძე არ არის საჭირო ლიპაზასთან ბრძოლა.
თუ რძის ტრანსპორტირება გიწევთ, გირჩევთ აუცილებლად ისარგებლოთ სამგზავრო მაცივრით.
წყარო: cdc.gov/breastfeeding/recommendations