მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, ძუძუ თანდათან ეჩვევა რძის წარმოქმნის პროცესებს, ქალს უქრება ჩხვლეტისა და სისავსის შეგრძნება და ამიტომ ქალს ხშირად ეჩვენება, რომ საკმარისი რძე არა აქვს. რძის ნაკლებობის გრძნობა დედას ბავშვის ზრდის `კრიტიკულ პერიოდებშიც უჩნდება (დაბადებიდან მე-3 მე-4 დღე, მე-3 მე-4 კვირა და მე-3 მე-4 თვე); ეს თქვენს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებების პერიოდია, რაც ქალის რძის რაოდენობაზე აისახება. ამ დროს პატარას მეტი რძე სჭირდება და ღამითაც უფრო ხშირად იღვიძებს. ნუ შეშფოთდებით, გაიხსენეთ, ბავშვი რაც მეტს გამოწოვს, მით მეტი რძე გამომუშავდება. ასე, რომ, სულ ცოტა ხანში რძის რაოდენობა მოიმატებს და ბავშვიც დაკმაყოფილდება.
გამოწველამდე დაიდეთ თბილი საფენი და გაიკეთეთ მასაჟი სარძევე ჯირკვალზე, რძის გამოსაწველად კი ერთი ხელის სამი თითით ზეწოლა გააკეთეთ მხოლოდ არეოლაზე. რძე მოაგროვეთ სუფთა ჭურჭელში და კოვზით მიეცით ბავშვს. გამოწველილი რძე შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, გამოყენების წინ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, მას ადუღება ან გასტერილება არ სჭირდება. თუ დამოუკიდებლად გიჭირთ ამ პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ ექიმს, ექთანს ან ოჯახის წევრს. თქვენ უკვე იცით, რომ გამოწველა ეფექტური საშუალებაა რძის ნაკლებობისა და მასტიტის სამკურნალოდ. ამავე დროს, ხელს უწყობს დედას, შეინარჩუნოს რძის წარმოქმნის უნარი, როცა ბავშვი დროებით მოცილებულია ძუძუს.
• ხშირად კვებეთ ბავშვი ძუძუთი;
• გამოიწველეთ დარჩენილი რძე და მიეცით ბავშვს კოვზით;
• ხშირად დაისვენეთ, ეცადეთ დაიძინოთ იმ დროს, როცა ბავშვს სძინავს;
• მიიღეთ მრავალფეროვანი საკვები და საკმარისი სითხე წყურვილის დასაკმაყოფილებლად;
• მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
წყარო: Unicef “ძუძუთი კვების სასწაული“