როგორ შევწყვიტოთ ძუძუთი კვება?

27-02-2022

რომელია ძუძუთი კვების შეწყვეტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი?

დგება დრო, როცა ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ. შეიძლება ამის სურვილი არ გქონდეთ, მაგრამ უკვე ხვდებოდეთ, რომ დრო მოვიდა. შეიძლება მზად არ იყოთ ამისთვის, ან შეიძლება ძუძუთი კვება საერთოდ არ დაგიწყიათ და გსურთ მშობიარობის შემდეგ რძე დაიშროთ. ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ თქვენი არჩევანი მისაღები და პატივსაცემია. რასაკვირველია, იდეალურია ძუძუთი კვება 6 თვემდე ან კიდევ უკეთესი - 2 წლამდე, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. იმის მიუხედავად, 3 დღისაა ბავშვი თუ სამი წლის, ძუძუთი კვების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დედა ძალიან ბევრს ფიქრობს. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთოთ ეს ყველაზე ეფექტურად და კომფორტულად.

როგორ შევწყვიტოთ ძუძუთი კვება სწრაფად?

საუკეთესო შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შემცირდეს და შეწყდეს თანდათან, რამდენიმე კვირის ან თვის პერიოდში. ამ გზით ძუძუს წოვის გაიშვიათების შედეგად რძის წარმოქმნაც თანდათან შემცირდება.ამ დროის პერიოდში ასევე გეძლევათ საშუალება ბავშვის კვების რაციონში  მყარი საკვები შეიტანოთ, თუ ეს მის ასაკს შეესაბამება. ძუძუთი კვების შეწყვეტისთვის გარკვეული დროის გამოყოფა შეგიმცირებთ სტრესს და დისკომფორტს. 

რძის გაშრობა, ძუძუთი კვების შეწყვეტა, ძუძუთი კვება,

თუმცა, ზოგ სიტუაციაში შეიძლება ამის ფუფუნება არ გქონდეთ. თუ თქვენთვის აუცილებელია, რომ ძუძუთი კვება მოკლე პერიოდში ან ახლავე შეწყვიტოთ, შემდეგ რჩევებს შემოგთავაზებთ:
•    დაიწყეთ იმ კვებების ამოღებით, რომლებიც ბავშვს ნაკლებად აინტერესებს. უმეტეს შემთხვევაში დედები ინარჩუნებენ დილით გაღვიძებისას და ღამით, ძილის წინ კვებებს. 
•    ატარეთ კომფორტული ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდზე ზეწოლას არ ახდენს.
•    თუ სწრაფად გჭირდებათ რძის მარაგის, გაშრობა ესაუბრეთ ექიმს, მან შეიძლება დაგინიშნოთ შესაბამისი მედიკამენტები, ორალური კონტრაცეპტივები ან მცენარეული საშუალებები.
•    ასევე ესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, შეგიძლიათ თუ არა ბავშვს ძუძუთი კვებამდე შესთავაზოთ ხელოვნური ან მყარი საკვები, რაც მას დედის რძეზე მოთხოვნილებას შეუმცირებს.
•    ბავშვს შესთავაზეთ მხოლოდ ერთი ძუძუდან კვება თითოეულ ჯერზე და ეცადეთ დაიცვათ კვების მკაცრი რუტინა.
•    თუ სარძევე ჯირკვალი გადაივსება და გახდება მტკივნეული, გამოიწველეთ რძე მანამ, სანამ დისკომფორტი არ გაგიქრებათ. ეცადეთ, რომ ამ დროს რძის მარაგი ბოლომდე არ გამოდევნოთ. ეს უფრო მეტი რძის წარმოქმნას დაასტიმულირებს.

ძუძუთი კვების სწრაფად შეწყვეტის შესაძლო შედეგები

რძის პროდუქციის გაზრდის პერიოდში თქვენ ალბათ უკვე გამოსცადეთ ფიზიკური ცვლილებები და ემოციური არასტაბილურობა. ახლა, როდესაც თქვენი ორგანიზმი ამცირებს რძის პროდუქციას, ეს სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს. მაგალითად, თქვენ შეიძლება შეგაწუხოთ სარძევე ჯირკვლების გადავსებამ და გაჯირჯვებამ, რადგან ისინი რეგულარულად აღარ იცლება. ამას შეიძლება სარძევე სადინრების დახშობა და მასტიტი მოჰყვეს. ასევე შეიძლება იგრძნოთ დიდი სევდა, შფოთვა ან პირიქით - ბედნიერების შეგრძნება. ამ შესაძლო უარყოფითი გვერდითი მოვლენების შემცირება შეიძლება, თუ ძუძუთი კვების შეწყვეტის პროცესს უფრო მეტად გაახანგრძლივებთ.
თუ თქვენს ორგანიზმს საშუალებას მისცემთ ეტაპობრივად შეეგუოს რძეზე ნაკლებ მოთხოვნილებას და რძის პროდუქციის შემცირებას, ნაკლებად შეგაწუხებთ მკერდის შესივება და ტკივილი. ძუძუთი კვების შეწყვეტისას დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირება დედისა და ბავშვისთვის
ძუძუთი კვების შეწყვეტისა და რძის მარაგის გაშრობისთვის საუკეთესო გეგმაა კვებების რაოდენობის ყოველ 3-5 დღეში 1-ით შემცირება. ეს საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ მოდით ვისაუბროთ შესაძლო გვერდით მოვლენებთან გამკლავებაზე.  

რძის გაშრობა, ძუძუთი კვების შეწყვეტა, ძუძუთი კვება,

მასტიტის პრევენცია

მკერდის მჭიდროდ შეხვევა ერთ-ერთი ის მეთოდია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ. ამან შეიძლება სარძევე სადინრების დახშობა და მასტიტის განვითარება გამოიწვიოს.
მასტიტს - მკერდის ანთებას, რომელსაც უმეტესად ინფექცია იწვევს - ძლიერი ტკივილი ახასიათებს. მასტიტის თავიდან ასაცილებლად დამატებით რჩევებს შემოგთავაზებთ: 
•    კვების და გამოწველის სესიების თანდათან შემცირება. მასტიტი ყველაზე ხშირად მაშინ წარმოიქმნება, როცა სარძევე ჯირკვალში რძის ზედმეტი რაოდენობა რჩება. თუ თქვენს ორგანიზმს მისცემთ დროს თანდათან შეამციროს რძის პროდუქცია, მასტიტის განვითარების რისკიც შემცირდება.
•    ზედმიწევნით დაიცავით მკერდის ჭრილობების და ნახეთქების ჰიგიენა. ინფექცია შეიძლება შეიჭრას დაზიანებული არეებიდან და გამოიწვიოს მასტიტი.
•    აუცილებლად გამოიყენეთ მხოლოდ სწორად მორგებული გამოსაწველი აპარატი.
თუ შეამჩნევთ მასტიტის ნიშნებს - მაღალი ტემპერატურა, ან მკერდზე გაწითლებული და გამაგრებული უბნები - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენ შეიძლება ანტიბიოტიკებით ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობა დაგჭირდეთ.

ემოციურ არასტაბილურობასთან გამკლავება

დროში გახანგრძლივებული და პერიოდული მიდგომის დროსაც კი ორგანიზმი განიცდის ჰორმონულ ცვლილებებს. ემოციურად შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროცესი თქვენთვის არასასიამოვნო იყო, შეიძლება თავი ისე იგრძნოთ თითქოს თქვენს შვილთან რაიმე სახის სიახლოვეს კარგავთ. თუმცა, ამაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. დედასა და ბავშვს შორის ემოციური კავშირი დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ღრმავდება.
რჩევები, თუ როგორ გაუმკლავდეთ ცვალებად ემოციებს:
•    იკვებეთ ჯანსაღად და საკმარისი დრო დაუთმეთ დასვენებას. ეს დაგეხმარებათ ჰორმონების დონის დაბალანსებაში და თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
•    ესაუბრეთ მეგობარს ან გაწევრიანდით მხარდამჭერთა ჯგუფში, ისეთ ადამიანებთან, ვისაც ესმით, რას განიცდით.
•    დრო დაუთმეთ თქვენს საყვარელ აქტივობებსა და ჰობის.
•    ივარჯიშეთ, რათა ენდორფინების დონემ თქვენს ორგანიზმში მოიმატოს.

მკერდის ტკივილთან გამკლავება სახლის პირობებში

•    ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად გამოიყენეთ ცივი კომპრესები და ტკივილგამაყუჩებლები.
•    გამოიდევნეთ ცოტაოდენი რძე, რათა შეამციროთ ზეწოლა სარძევე ჯირკვლის ქსოვილებზე (მაგრამ არა იმდენი, რომ რძის პროდუქცია გააქტიურდეს).
•    ზოგიერთი ქალის გამოცდილებით, კომბოსტოს ცივი ფურცლების ბიუსტჰალტერში მოთავსება ამცირებს მკერდის შესივებას.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ პერიოდში?

თუ თქვენი შვილი ძუძუთი კვების შეწყვეტას აპროტესტებს და განიცდის, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს: 
•    მიეცით ბავშვს საწოვარა.
•    შესთავაზეთ მას მრავალფეროვანი თხევადი და მყარი საკვები, რომლებიც მის ასაკს შეესაბამება. გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რათა დარწმუნდეთ, რომ ბავშვის კვებითი მოთხოვნილებები სრულად დაკმაყოფილებულია.
•    დაუთმეთ ბავშვის მოფერებას და მასთან სიახლოვეს დიდი დრო.
•    თუ ბავშვისთვის დასაძინებლად წასვლა ან რაიმე სხვა აქტივობა ძუძუთი კვებასთან ასოცირდება,  სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, რომ მისი შესრულება დროებით გადაიბაროს.