ლაქტაციური ამენორეის მეთოდი

31-01-2022

რა არის ლაქტაციური ამენორეა?

უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ მშობიარობის შემდეგ, ლაქტაციის პერიოდში, ქალებს მენსტრუაცია არ აქვთ - ამას ლაქტაციური ამენორეა ეწოდება. ლაქტაციურ ამენორეას ხშირად ბუნებრივი კონტრაცეფციის მეთოდად იყენებენ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ქალებს, რომლებიც ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას მიმართავენ, მშობიარობის შემდეგი 6 თვის განმავლობაში დაორსულების ძალიან დაბალი შანსი აქვთ. ამის მიზეზი ის ჰორმონებია, რომლებიც ძუძუთი კვების დროს გამომუშავდება. ისინი ხელს უშლიან ოვულაციის პროცესის განვითარებას.  რაც უფრო ხშირად კვებავს ქალი ბავშვს ძუძუთი, მით უფრო ნაკლებია ოვულაციის დადგომისა და შესაბამისად დაორსულების შანსია. 

ამის მიუხედავად, ქალები ხშირად მხოლოდ ლაქტაციურ ამენორეას არ ეყრდნობიან და კონტრაცეფციის სხვა საშუალებებსაც მიმართავენ. ლაქტაციური ამენორეა კონტრაცეფციის სხვა საშუალებებთან ერთად არასასურველი ორსულობისგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. 

რამდენად ეფექტურია ლაქტაციური ამენორეის მეთოდი?

ლაქტაციური ამენორეის მეთოდის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში დაორსულების შანსი მხოლოდ 2 %-ია.  ამის მიუხედავად, ბევრი ქალისთვის 2-პროცენტიანი რისკიც საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ დამატებით კონტრაცეფციის სხვა მეთოდებსაც მიმართონ. 

კონტრაცეფციის მეთოდები, როგორიცაა ბარიერული კონტრაცეპტივები - კონდომი ან დიაფრაგმა, სპირალი და პროგესტერონის შემცველი აბები, ძუძუთი კვების დროს უკუჩვენებას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, კოტრაცეპტივებზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, რომ სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან ჩამოთვლილთაგან მხოლოდ კონდომი გვიცავს.

ლაქტაციური ამენორეა,

რა წესები უნდა დავიცვათ, რათა ლაქტაციური ამენორეის მეთოდი ეფექტური იყოს?

იმისთვის, რომ ლაქტაციური ამენორეის მეთოდი ეფექტური იყოს, უნდა სრულდებოდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:
•    ბავშვი უნდა იყოს ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ დედის რძით უნდა იკვებებოდეს. ბავშვი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნის მიხედვით დღისითაც და ღამის განმავლობაშიც და კვებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 საათზე მეტი დღის განმავლობაში და 6 საათზე მეტი ღამის განმავლობაში.
•    მენსტრუაცია არ უნდა იყოს აღდგენილი. როცა მენსტრუაცია აღდგება, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ოვულაციის პროცესიც აღდგენილია.
•    მშობიარობიდან არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქალს მენსტრუაცია 6 თვის შემდეგაც არ აღუდგეს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს. და რადგან ოვულაცია მენსტრუაციამდე დგება, შესაძლოა განმეორებით დაორსულება ისე მოხდეს, რომ მენსტრუაცია არ იყოს აღდგენილი. ეს შეიძლება იმ შემთხვევაშიც მოხდეს, თუ ქალი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას მიმართავს, მაგრამ ფერტილობა პირველი 6 თვის განმავლობაში მაინც მნიშვნელოვნად უფრო დაბალია.

შესაძლებელია თუ არა ლაქტაციური ამენორეის მეთოდის გამოყენება გამოწველის და ბოთლით კვების შემთხვევაში?

სამწუხაროდ, ძუძუს წოვის აქტის გარეშე ლაქტაციური ამენორეა, როგორც კონტრაცეფციის ფორმა, არაეფექტურია. რძის გამოწველა არ აბრკოლებს ოვულაციას. ამისთვის აუცილებელია პირდაპირ ძუძუთი კვება და რაც უფრო ხშირია ძუძუთი კვების ეპიზოდი, მით უფრო საიმედოა ლაქტაციური ამენორეის მეთოდი. ზოგი ექსპერტის რჩევით, ლაქტაციური ამენორეის ეფექტის შესანარჩუნებლად ბავშვებს საერთოდ არ უნდა შევთავაზოთ არც ბოთლი და არც მატყუარა, რადგან ამან შეიძლება ბავშვის წოვის მოთხოვნილება შეამციროს. იმ ქალებმა კი, რომლებიც სამსახურში ბრუნდებიან და შვილთან მთელი დროის გატარებას ვერ ახერხებენ, აუცილებლად კონტრაცეფციის სხვა საშუალებები უნდა გამოიყენონ.

წყარო: la leche league international