როგორ წარმოიქმნება დედის რძე ორგანიზმში

07-07-2021

რძის გამოყოფა ძირითადად ჰიპოფიზის ჰორმონებით - პროლაქტინითა და ოქსიტოცინით რეგულირდება. ძუძუს წოვის პროცესი ასტიმულირებს ორივე ჰორმონის გამომუშავებას. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი, მით უფრო მაღალია ჰორმონების კონცენტრაცია დედის სისხლში და მით მეტია გამომუშავებული რძის რაოდენობა.

  • → პროლაქტინი ხელს უწყობს რძის წარმოქმნას. პროლაქტინის პროდუქცია განსაკუთრებით მაღალია ღამის სათებში. ამდენად, ღამის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რძის გამომუშავებისთვის.
  • → ოქსიტოცინი განაპირობებს სარძევე ჯირკვლის კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვას, რასაც თან სდევს რძის გამოყოფა. ოქსიტოცინის დონე დამოკიდებულია ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ბავშვთან სიახლოვე, დედის სურვილი, ძუძუთი კვებოს ბავშვი, დადებითი ემოციური განწყობილება, მშვიდი და მყუდრო გარემო – ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას და პირიქით, სტრესული სიტუაცია, გაღიზიანება აფერხებს მას.
  • → ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილზეც, შესაბამისად, მისი მაღალი დონე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს შეკუმშვისთვის.
  • → რძის ინჰიბიტორები გამომუშავდება სარძევე ჯირკვალში, აკონტროლებს რძის სეკრეციას და იცავს სარძევე ჯირკვალს ძლიერი გადავსებისაგან. ინჰიბიტორი გამომუშავდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ბოლომდე არ ცლის ძუძუს და ძუძუში რძე დიდხანს რჩება. რძის პროდუქციისთვის სარძევე ჯირკვლის ბოლომდე დაცლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.