რა სარგებლის მოტანა შეუძლია ძუძთი კვებას ბავშვისთვის?
ჩვილი ბავშვის კვებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად და სწორად მიმდინარეობს ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესი. ამიტომ არის ძალიან საყურადღებო ჩვილი ბავშვის კვებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი. ექიმები ახალბედა დედებს საინტერესო რეკომენდაციებს სთავაზობენ ახალშობილი ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რაც მდგომარეობს შემდგომში:
- ბავშვმა დედის რძე დაბადებიდან ერთ საათის განმავლობაში უნდა მიიღოს.
- ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვისთვის განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
- ექვსი თვიდან სათანადო კვების უზრუნველყოფა, რომელიც 2 წლამდე ძუძუს დამატებასაც გულისხმობს.
ძუძუთი კვების სარგებელი დედისთვის და ჩვილისთვის
დედის რძე უპირობოდ უზრუნველყოფს ჩვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკეთეს მუშაობას, დედის რძე ასევე ვიტამინებისა და ენერგიის მთავარი წყაროა, რომელიც ბავშვს სრულიად უზრუნველყოფს 6-12 თვის განმავლობაში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ბევრად იშვიათად აწუხებთ ჭარბი წონა, ასევე დამტკიცებულია, რომ ისინი ინტელექტუალურადაც უკეთესად არიან განვითარებულები. ბავშვის ხანგრძლივად (1-2 წლამდე) ძუძუთი კვება დადებითად აისახება როგორც ბავშვის ასევე დედის ჯანმრთელობაზე, ქალებში კლებულობს მკერდის და საშვილოსნოს კიბოს რისკი.
როდის არის საჭირო კვების რაციონში დამატებითი კვების შემოტანა?
დაახლოებით 6 თვის ასაკისთვის ბავშვს სჭირდება ის დამატებითი ვიტამინები და ენერგიები, რასაც ძუძუთი კვების დროს ვეღარ მიიღებს, ამიტომ დამატებითი კვება უკვე აუცილებელია. ამ ასაკისთვის ჩვილ ბავშვს განვითარებისთვის დამატებითი ვიტამინები სჭირდება. დამატებით კვებასთან დაკავშირებით ექიმები შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:
• ორ წლამდე ბავშვის ძუძუთი კვება გააგრძელეთ, თუ ეს შესაძლებელია.
• ეცადეთ ბავშვი პოზიტიურ გარემოში კვებოთ, მოეფეროთ კვების დროს და თავადაც კარგ ხასიათზე იყოთ.
• საკვები პროდუქტი სათანადოდ დაამუშავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით პატარას.
• დამატებითი საკვების მიცემა ბავშვს 6 თვის ასაკიდან დაუწყეთ და ნელ-ნელა გაუმრავალფეროვნეთ.
• ნელ-ნელა გაზარდეთ კვების სიხშირე.
• მიეცით მეტი სითხე და მისთვის საყვარელი საჭმელი.
ძუძუთი კვების 15 სარგებელი
- ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია
- დედის რძის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება.
- დედის რძე უზრუნველყოფს ბავშვს ადვილად მოსანელებელი მაღალხარისხიანი კვებითი ნივთიერებებით, ოპტიმალური თანაფარდობით;
- ჩვილობის ასაკში ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია;
- ქალის რძე ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს;
- ქალის რძეს ბავშვი ადვილად ითვისებს, ვინაიდან მასში შემავალი ნივთიერებების გადამუშავებისათვის საკმარისია იმ ფერმენტების რაოდენობა, რომელიც ჩვილის კუჭ-ნაწლავში გამოიყოფა;
- თვით რძე შეიცავს ისეთ ფერმენტებს, რომლებიც ეხმარება ბავშვს საკვების მონელებაში;
- დედის რძე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ფაქტორებს, რაც ბავშვს ინფექციებისაგან იცავს და ასევე, ეხმარება ახალშობილს საკუთარი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში;
- ძუძუთი კვების დროს მცირდება ალერგიის განვითარების შესაძლებლობა;
- ძუძუთი კვება ხელს უწყობს ენისა და სახის კუნთოვანი აპარატის ჩამოყალიბებას, რაც განსაზღვრავს შემდგომში ბავშვის სწორ მეტყველებას;
- ძუძუთი კვებისას ბავშვსა და დედას შორის არის მჭიდრო კონტაქტი, ბავშვი ბუნებრივად იღებს დედის სიყვარულსა და სითბოს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს მომავალში ბავშვის ემოციურ სფეროს.
- ძუძუთი კვება დედის ჯანმრთელობის საწინდარია.
- ძუძუთი კვება ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომ სისხლდენის სწრაფ შეწყვეტას.
- ძუძუთი კვება უსაფრთხო და მოსახერხებელია, არ მოითხოვს რძის ადუღებასა და შეთბობას.
- ძუძუთი კვება ეკონომიურია ოჯახის ბიუჯეტისათვის.
ძუძუთი კვების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჯგუფს: ძუძუთი კვება