თქვენ შეიძლება, ბავშვის ძუძუთი გამოკვება სახლიდან მოშორებით, სამსახურში ყოფნის პირობებში დაგჭირდეთ. ეს თქვენგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამად ღირს, რადგან დედის რძე ბავშვისთვის საუკეთესო საკვებია, მისი საშუალებით ბავშვს გადაეცემა ანტისხეულები და ის არაჩვეულებრივი გზაა ბავშვთან უნიკალური კავშირის დასამყარებლად, განსაკუთრებით - სამსახურიდან მოსვლის შემდეგ.
→წინასწარ დაგეგმვა
გაითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის რაც შეიძლება გრძელი დეკრეტული შვებულების აღება, თუ ამის საშუალება გაქვთ.
შეგიძლიათ რაღაც დროით სახლიდან იმუშაოთ?
შესაძლებელია, რომ თანამშრომელთან გაინაწილოთ სამუშაო?
შესაძლებელია, რომ ნახევარ განაკვეთზე იმუშაოთ? ზოგი დედა ირჩევს, რომ შეამციროს სამუშაო საათები ან გადაავადოს მუშაობის დაწყება ერთი წლით ან მეტი ხნით.
შეგიძლიათ სამსახურში თანდათანობით დაბრუნდეთ? ზოგი დედა თავიდან არა ყოველდღე, არამედ კვირაში 2 ან 3 დღე მუშაობს და თანდათან უმატებს სამუშაო დღეებს.
განიხილეთ სამუშაო გრაფიკის მოქნილობა:
შეგეძლებათ სამსახურიდან წასვლა, თუ უეცრად ბავშვს დასჭირდებით?
შეიძლება, რომ ბავშვი სამსახურში მოგიყვანონ?
→სამუშაო გარემო
გაეცანით, რა საშუალებებია თქვენს სამსახურში რძის შენახვის ან გამოწველისთვის.
შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ თქვენს ოფისში?
არის პირადი სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაკეტოთ კარები?
როგორი წვდომა გაქვთ ამ ოთახზე?
გექნებათ წვდომა მაცივარზე? თუ არა, მაშინ ყინულის ყუთის ტარება მოგიწევთ რძის შესანახად.
გადაამოწმეთ თქვენს მენეჯერთან, გექნებათ თუ არა შესვენებები რძის გამოსაწველად.
→რძის გამოწველის დაწყება და მისი შენახვა
თქვენი პატარას დაბადების შემდეგ პირველი კვირების განმავლობაში თქვენ დაკავებული იქნებით მისი გაცნობითა და ძუძუთი კვების ჯადოსნური ძალის შეცნობით. ამ პერიოდში შეგიძლიათ არ იდარდოთ რძის გამოწველაზე და გამოიწველოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარძევე ჯირკვლის ზედმეტი სისავსე დისკომფორტს გიქმნით.
ბევრი დედის გამოცდილებით, თავდაპირველად, ბავშვის ძუძუთი კვებაზე შეჩვევა და რძის სტაბილური მარაგის ჩამოყალიბება აადვილებს ბოთლით კვებაზე გადასვლას. უმჯობესია, ასევე შესწავლილი და ჩამოყალიბებული გქონდეთ ბავშვის კვების და ძილის რეჟიმი.
→ბავშვის ძუძუთი კვებიდან ბოთლით კვებაზე გადაყვანა
არსებობს ერთი ხერხი რძის გამოწველის და ბავშვის ბოთლით კვების დასაწყებად, რომელიც ბევრ დედას დაეხმარა:
→ბავშვისთვის ბოთლის პირველად შეთავაზება:
• აირჩიეთ ისეთი დრო, როცა ბავშვის მომვლელი, თქვენი დამხმარე პირი, თქვენთან ერთად იქნება და დღის ის მონაკვეთი, როდესაც ბავშვი მშვიდად არის და უპრობლემოდ იკვებება.
• ბავშვმა ბოთლით საკვები შეიძლება სხვა პიროვნებისგან უფრო ადვილად მიიღოს, ვიდრე თქვენგან. ის შეჩვეულია, რომ თქვენ მას ძუძუს აწოვებთ, ამიტომ შეიძლება წინააღმდეგობა გაგიწიოთ, თუ მისთვის მოულოდნელი და უცნობი წყაროდან შესთავაზებთ რძეს.
• მოამზადეთ დაახლოებით 60 მლ ოდენობის რძე ბოთლში.
• როცა ბავშვის კვების დრო მოვა, გაათბეთ რძე ბოთლის თბილი წყლით ავსებულ ჯამში ჩადებით, სანამ ბავშვის სხვა მომვლელი მას მოიყვანს და კვებისთვის მომზადებს.
• თუ ბოთლი მაცივარში იყო, უმჯობესია, მის თავს თბილი წყალი გადაავლოთ, რომ ბავშვისთვის უფრო მისაღები გახდეს.
• ბავშვი უნდა იმყოფებოდეს გამართულ, თითქმის მჯდომარე პოზიციაში.
• გამთბარი ბოთლი უნდა იყოს დახრილი ისე, რომ მისი თავი რძით იყოს სავსე და ბავშვს ჰქონდეს რძის ნაკადის გაკონტროლების შესაძლებლობა.
• მოუსვით ბოთლის თავი ბავშვს პირზე იმისთვის, რომ გააღოს პირი. შემდეგ ჩაუდეთ მას პირში ბოთლის თავი და მიმართეთ სასისკენ.
ზოგი დედის გამოცდილების მიხედვით, კარგია, თუ თქვენ მიერ ნატარები ტანისამოსი, ღამის პერანგი ან მაისური ექნება ბავშვის მომვლელს მკლავზე ან მხარზე გადაკიდებული, რადგან მას თქვენი სუნი აქვს, რომელიც ნაცნობია პატარასთვის. უმჯობესია, პირველ ჯერზე, ბოთლით კვების დროს თქვენ ბავშვთან ახლოს იყოთ, მაგრამ არა იმავე ოთახში. ბავშვი თქვენგან მოითხოვს კვებას და დაგელოდებათ, თუ დაინახავს, რომ მასთან ახლოს იმყოფებით. კვების დასრულების შემდეგ გამოიწველეთ იმდენივე რაოდენობის რძე, რამდენიც პატარამ მიირთვა.
გააგრძელეთ ამ მოქმედებების შესრულება მანამ, სანამ საკმარისი, ბავშვისთვის დღის განმავლობაში სამყოფი რაოდენობის რძეს დააგროვებთ მაცივარში და მოიმარაგეთ ცოტა მეტიც კი, იმ შემთხვევისთვის, თუ სამსახურში ძალიან დაკავებული იქნებით და რძის გამოსაწველად საკმარისი დრო არ გექნებათ. ეცადეთ, რომ ბავშვთან ყოფნისას მას ყოველთვის ძუძუ აწოვოთ და არა გამონაწველი რძე.
→სამსახურში დაბრუნების პირველი დღეები
სრული განაკვეთით მომუშავე მუშაკიდან დედობაზე გადასვლა დიდი ცვლილებაა. ასევე დიდი ცვლილებაა, როცა დედა სამსახურში ან სასწავლებელში ბრუნდება, რადგან მას უკვე ორი სრული განაკვეთის სამუშაოს შესრულება უწევს, რომლებიც როგორმე ერთმანეთს უნდა შეუთავსოს.
ემოციური ადაპტაცია
• თქვენ მოგენატრებათ თქვენი პატარა და მასაც მოენატრებით თქვენ. თქვენი ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია არ არის მოწყობილი ხანგრძლივი განშორებისთვის. ამ ფაქტის მიღებამ შეიძლება არ შეგიმსუბუქოთ მდგომარეობა, მაგრამ იმ ემოციების გაგებაში დაგეხმარებათ, რომლებსაც განიცდით.
• დაგეგმეთ დილა - დილით გამოყავით დრო იმისთვის, რომ სამსახურში წასვლამდე აუჩქარებლად გამოკვებოთ ბავშვი ძუძუთი და მოეფეროთ მას.
• სამსახურში წაიღეთ თქვენი შვილის ფოტო ან ვიდეო, რათა უყუროთ მას რძის გამოწველისას.
• ბავშვის მომვლელს იმდენჯერ დაუკავშირდით, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.
• ესტუმრეთ ბავშვს ლანჩის შესვენების დროს, თუ ეს შესაძლებელია.
ჩაცმულობა
• ატარეთ ზედატანი და ქვედაბოლო. ეცადეთ ჩაიცვათ ტანზე ნაკლებად მომდგარი, თავისუფალი ზედატანი, რათა უფრო მოხერხებულად შეძლოთ რძის გამოწველა.
• უმჯობესია ზედატანი იყოს ჭრელი, რათა გამოწველის დაგვიანების შემთხვევაში ნაკლებად დაეტყოს გაჟონვა.
რძის გამოწველა გამოწველა
• სამსახურში დაბრუნებამდე ეცადეთ საცდელად გამოიწველოთ რძე.
• გამოიწველეთ რეგულარულად, იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ბავშვი იკვებება. კვების ზუსტი დროის დამთხვევა შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ სიხშირის ზუსტად დაცვა დაგეხმარებათ რძის საჭირო მარაგის შენარჩუნებაში.
• ჩამოაყალიბეთ გეგმა, როდის და სად გამოიწველით რძეს, თუ ეს შესაძლებელია.
• თუ თქვენი სამსახური ძალიან არაპროგნოზირებადია, გამოიწველეთ რძე, როცა კი 10-15-წუთიანი შუალედი გექნებათ, თუნდაც ცოტა ხნის წინ გქონდეთ გამოწველილი.
• ეცადეთ, რომ გამოწველისას სტრესისგან მაქსიმალურად განიტვირთოთ - უყურეთ თქვენი შვილის ვიდეოს ან ფოტოებს, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, თან წაიღეთ ბავშვის ტანისამოსი და შეხედეთ, უსუნეთ და ჩაეხუტეთ მას.
• გაარკვიეთ, როგორ შეძლებთ თქვენი გამოსაწველი საშუალებების გარეცხვას, სამზარეულოს, აბაზანის ნიჟარაში ან სადმე სხვაგან. ზოგ დედას სამსახურში საკუთარი პლასტმასის ჭურჭელი მიაქვს გამოსაწველი მოწყობილობების გასარეცხად.
• გაარკვიეთ, სად შეინახავთ გამოსაწველ მოწყობილობებს, ისე რომ გამოყენებებს შორის კარგად გაშრეს.
სახლში დაბრუნება
• შეუერთდით თქვენს შვილს და განიტვირთეთ მასთან ერთად. ესაუბრეთ მომვლელს და ჰკითხეთ მისი დღის შესახებ. გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი, როცა ის მოისურვებს.
• მოსალოდნელია, რომ ბავშვმა საღამოობით და ღამით უფრო ხშირად მოგთხოვთ ძუძუთი კვება, რათა დღისით თქვენგან მოშორებით ყოფნა აინაზღაუროს. ბავშვებს დედა ენატრებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დედის რძეს აწვდიან. ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი დრო გაატაროთ ბავშვთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
• თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბავშვის კენგურუთი ან სლინგით ტარება საღამოობით ან უქმე დღეებში არის არაჩვეულებრივი გზა, რომ სხვადასხვა საქმიანობით დაკავებასთან ერთად ბავშვთან ახლოს იყოთ.
• მინიმუმამდე დაიყვანეთ ბავშვთან განშორების მომენტები სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ.
წყარო: llli.org