დედის რძის ფერი

17-10-2021

დედის რძე სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. თუ თქვენ გამოწველილ რძეს დააკვირდებით, ნახავთ ფერთა მრავალ ვარიაციას, მაშინ როცა ხელოვნური საკვები ყოველთვის ერთნაირი შეფერილობისაა. დედის რძის შემადგენლობა და ფერი გამუდმებით იცვლება დღის განმავლობაში, კვების ან გამოწველის პროცესშიც კი.
დედის რძე შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, გამჭვირვალე ან ჰქონდეს ლურჯი ელფერიც. დედის მიერ მიღებული საკვები, მასში შემავალი ინგრედიენტები და სასმელი  გავლენას ახდენს რძის ფერზე. მოსალოდნელია შეგხვდეთ შემდეგი ვარიაციები:
•    თუ თქვენი კვების რაციონში ჭარბობს ყვითელი ან ნარინჯისფერი ბოსტნეული, მაგალითად: გოგრა, ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, თქვენი რძის შემადგენლობაში იქნება დიდი რაოდენობით კაროტინი, რაც მას მოყვითალო- ნარინჯისფერ შეფერილობას მისცემს. კაროტინი აბსულუტურად უვნებელია თქვენი პატარასთვის.
•    გაზიან სასმელებში, ხილის წვენებში და ჟელატინის დესერტებში გამოყენებული საკვები საღებავების გავლენით რძეს შეიძლება ჰქონდეს მოვარდისფრო ან მოვარდისფრო-ნარინჯისფერი შეფერილობა.
•    დედის რძემ მომწვანო ფერი შეიძლება მიიღოს მწვანე ფერის სპორტული სასმელების, ზღვის წყალმცენარეების, მწვანილის ან მწვანე ბოსტნეულის (როგორიცაა, მაგალითად, ისპანახი) დიდი რაოდენობით მიღების შედეგად. 
•    გაყინვის შემდეგ დედის რძე შეიძლება გაყვითლდეს.
•    მოვარდისფრო შეფერილობის რძე შეიძლება მასში სისხლის არსებობაზე მიანიშნებდეს. ამის მიზეზი, ძირითადად, გახეთქილი ძუძუს თავებია. რძეში სისხლის შემჩნევამ შეიძლება თავიდან შეგაშფოთოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ის ბავშვისთვის საზიანო არ არის და თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად განაგრძოთ ძუძუთი კვება. უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაივლის. თუ პრობლემა არ აღმოიფხვრება, ან ძალიან შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს ან ლაქტაციის კონსულტანტს. 
•    ყავისფერი შეფერილობის რძე შეიძლება შეგვხვდეს ე.წ. „ჟანგიანი მილების სინდრომის“ დროს. ორსულობისას ან მშობიარობიდან რამდენიმე დღეში ხდება სარძევე სადინრების ჰიპერტროფია - ისინი იზრდებიან და მათი კედელი იჭიმება. სარძევე სადინრებში სისხლის მიმოქცევა ძლიერდება, სისხლძარღვები ფართოვდება. ამ პროცესების დროს შეიძლება სადინრის სანათურში სისხლის გაჟონვა მოხდეს, რის შედეგადაც რძე ყავისფერ, ჟანგისფერ შეფერილობას იღებს (როგორც წყალი, რომელიც ჟანგიანი მილებიდან მოედინება). ეს მდგომარეობა  რამდენიმე დღეში გაივლის, მას შემდეგ, რაც რძის პროდუქცია და სარძევე სადინრებში მისი დინება მოიმატებს. „ჟანგიანი მილების სინდრომის“ დროს აბსულუტურად უსაფრთხოა ძუძუთი კვება.
 
იშვიათად დედის რძეში სისხლი შემდეგი მდგომარეობების დროს ხვდება:
•    მასტიტი: სარძევე ჯირკვლის ანთება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძუძუს თავიდან სისხლიან გამონადენის არსებობა. 
•    პაპილომები: სარძევე სადინრების ზედაპირზე წარმოქმნილი მცირე ზომის წანაზარდები. ეს კეთილთვისებიანი მდგომარეობაა, მაგრამ რძეში სისხლის შერევას იწვევს.
•    ძუძუს კიბო: უმეტეს შეთხვევაში დედის რძეში სისხლის აღმოჩენა არ არის საშიში. თუმცა, ძუძუს კიბოს ბევრ ფორმას შეუძლია ძუძუს თავიდან სისხლიანი გამონადენის გამოწვევა. 

დედის რძემ შეიძლება ვარდისფერი შეფერილობა მიიღოს ბაქტერიის Serratia marcescens -ის გამო. ეს ბაქტერია საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ის შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის. პერინატოლოგიის ჟურნალის  მიხედვით, ბაქტერიების რაოდენობა, რომლებსაც ბავშვი ძუძუს წოვისას იღებს, იმდენად მცირეა, რომ მათ რაიმე ინფექციის გამოწვევა არ შეუძლიათ. თუმცა, რძის არასწორმა შენახვამ და მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს პათოგენების გამრავლებას იმდენად, რომ დაავადება განვითარდეს, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში. დედებმა, რომლებსაც ორგანიზმში  S. marcescens -ის კოლონიზაცია აღენიშნებათ, რეკომენდებულია იმკურნალონ ანტიბიოტიკებით. ძუძუთი კვების გაგრძელება უსაფრთხოა მას შემდეგ, რაც დედის და ბავშვის ნიმუშებში ბაქტერიის კულტურები უარყოფითი იქნება.
 

წყარო: llli.org