შეიძლება თუ არა ლუდის დალევა ძუძუთი კვების დროს? 

19-05-2022

შეიძლება თუ არა ლუდის დალევა ძუძუთი კვების დროს? 

ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენ ალბათ სულმოუთქმელად ელით, როდის შეძლებთ იმ საკვებისა და სასმელის მირთმევას, რომელიც ორსულობის დროს გეკრძალებოდათ. შესაძლოა გსმენიათ, რომ ცოტაოდენი ალკოჰოლი (განსაკუთრებით ლუდი) ზრდის დედის რძის მარაგს. თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ძუძუთი კვების დროს ყველაზე უსაფრთხო ალკოჰოლზე უარის თქმაა. 
სულ მცირე ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ლაქტაციის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს და დედა ალკოჰოლის ზომიერ რამოდენობას იღებს, ამას ბავშვის სისცოცხლის პირველი წლის განმავლობაში უარყოფითი შედეგები არ მოაქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიძლება გამოვლინდეს გრძელვადიანი ეფექტები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედის რძეში მუდმივადაა ალკოჰოლის  ჭარბი რაოდენობა. 2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 6 და 7 წლის ბავშვებმა, რომლებიც იღებდნენ ალკოჰოლის შემცველ დედის რძეს, კოგნიტურ ტესტში უფრო დაბალი შეფასება მიიღეს, ვიდრე მათი ასაკის სხვა ბავშვებმა. თუმცა დასაბუთებული დასკვნის გამოსატანად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

მაგრამ მე გამიგია, რომ ლუდი ზრდის რძის მარაგს! 

დიდი ალბათობაა, რომ ვინმემ უკვე გირჩიათ ლუდის დალევა რძის მარაგის გასაზრდელად. მაგრამ საიდან გაუჩნდათ მათ ეს იდეა? მართლები არიან? 
შეიძლება აღფრთოვანებული იყოთ იმის მოსმენით, რომ ლუდში ქერის კომპონენტს შეუძლია გაზარდოს პროლაქტინის წარმოება. თუმცა, ლუდის ალკოჰოლის კომპონენტი ამცირებს რძის გამომუშავებას და აფერხებს რძის გამოდევნის პროცესს.
2001 წელს გამოქვეყნებული ძველი, მაგრამ ფუნდამენტური კვლევის თანახმად, რძის გამოდევნის დათრგუნვის შედეგად ჩვილები დედის მიერ ალკოჰოლის დალევიდან პირველი 4 საათის განმავლობაში დაახლოებით 20 პროცენტით ნაკლებ რძეს იღებდნენ (როდესაც დედები ალკოჰოლის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში იწველიდნენ რძეს, ასევე ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებ რაოდენობას იღებდნენ). ერთ-ერთი გამოსავალი უალკოჰოლო ლუდია. ამ ტიპის ლუდი უზრუნველყოფს ქერის გალაქტაგოგურ (რძის პროდუქციის გამაძლიერებელ) სასარგებლო თვისებას ალკოჰოლის უარყოფითი ეფექტის გარეშე. 

ანუ ლუდი გადადის დედის რძეში? 

დიახ, ალკოჰოლი გადადის დედის რძეში. 
ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ბავშვის ძილის რეჟიმსა და ზრდა-განვითარებაზე. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენს პატარას კარგად არ სძინავს. ეს ძირითადად REM ძილის დაქვეითების და აღგზნების შედეგია. შეიძლება ასევე გამოვლინდეს გრძელვადიანი გავლენა ბავშვის განვითარებაზე, მაგრამ ამის დასადგენად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ - ბავშვმა შეიძლება შეამჩნიოს დედის რძის გემოს ცვლილება და ნაკლებად ისურვოს მისი დალევა. 
და დაიმახსოვრეთ: მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ერთი ჭიქა ალკოჰოლის დალევა არ არის საზიანო ჩვილებისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაიცდით 2 საათს გამოწველამდე/კვებამდე), ალკოჰოლის უფრო მეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რძის გამოდევნის შეფერხება. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება რეალურად გამოყოთ ნაკლები რაოდენობის რძე და ბავშვი დარჩეს მშიერი და გაღიზიანებული.

ესე იგი რძე უნდა გამოვიწველო და გადავღვარო?

თუ კვირაში ერთხელ ან ორჯერ სვამთ ლუდს, არ არის აუცილებელი ალკოჰოლის მიღების შემდეგ რძე გამოიწველოთ და გადაღვაროთ. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ალკოჰოლის მიღებიდან ძუძუთი კვებამდე ან გამოწველამდე რამდენიმე საათი მოიცადოთ. 
სინამდვილეში რძის გამოწველა და გადაღვრა არ აქრობს ალკოჰოლს სისხლის მიმოქცევიდან. ამ გზით ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოდევნის სიჩქარე არ იზრდება.
ეცადეთ ბავშვი გამოკვებოთ უშუალოდ ალკოჰოლის მიღების წინ.
 

ასევე მხედველობაში უნდა მიიღოთ:
•    თუ ნასვამი ხართ, არ აწოვოთ ბავშვს ძუძუ, სანამ ფხიზელი არ იქნებით. იმის მიხედვით, თუ რამდენის დალევას გეგმავთ, შესაძლოა დაგჭირდეთ,  რომ ბავშვისთვის მომვლელი მოძებნოთ.
•    იფიქრეთ დამატებითი დედის რძის შენახვაზე იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვს დასჭირდება ჭამა მანამ, სანამ ლუდი მოასწრებს თქვენი ორგანიზმიდან და რძიდან გამოსვლას. 
•    არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ალკოჰოლი ლაქტაციის პერიოდში უფრო სწრაფად მეტაბოლიზდება, ასე რომ, თქვენ შეიძლება უფრო სწრაფად იგრძნოთ ლუდის ეფექტი.
•    დედის რძეში ალკოჰოლის დონე სისხლში არსებული დონის მსგავსია. დედის რძეში ალკოჰოლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გვხვდება დალევიდან 30-60 წუთის შემდეგ (თუმცა საკვების მიღებამ შეიძლება შეაფერხოს ეს პიკი). მოერიდეთ რძის გამოწველას ან ძუძუთი კვებას ამ პერიოდში.
•    ლუდის ერთი ულუფის მიღებიდან ძუძუთი კვებადე დაიცადეთ 2 საათი. თუ ერთ ჭიქაზე მეტ ლუდს სვამთ, ყოველ დამატებით სასმელზე დაამატეთ 2 საათი.
•    ახალშობილს აქვს მოუმწიფებელი ღვიძლი, ამიტომ მას ყველაზე მეტად აზიანებს დედის რძეში შემავალი ნებისმიერი ალკოჰოლი. ბავშვები უფრო ნელა ახდენენ ალკოჰოლის მეტაბოლიზებას, ვიდრე მოზრდილები, ამიტომ ალკოჰოლის ეფექტი ბავშვის ორგანიზმზე უფრო დიდხანს გრძელდება. 

წყარო: www.healthline.com