უსაფრთხოა თუ არა სოლარიუმის გამოყენება ლაქტაციის დროს?

24-04-2022

ლაქტაციის პერიოდში ბუნებრივია წუხილი და ეჭვები ნებისმიერი სახის პროცედურის ჩატარების თაობაზე, განსაკუთრებით, თუ პროცედურა რადიაციულ გამოსხივებას გულისხმობს. ბევრი დედა უარს ამბობს ძუძუთი კვების პერიოდში სოლარიუმის გამოყენებაზე და შიშობს, რომ ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მის პატარას.
გააგრძელეთ კითხვა, თუ გსურთ გაიგოთ სოლარიუმის უსაფრთხო გამოყენებისა და მისი გვერდითი ეფექტების შესახებ ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის.

რა არის სოლარიუმი?

სოლარიუმი არის მოწყობილობა, რომელიც კანს ხელოვნურად რუჯავს. სოლარიუმის გამოსხივების 95%-ს შეადგენს ულტრაიისფერი A ტიპის ტალღები (UVA), 5%-ს კი - ულტრაიისფერი B ტიპის ტალღები (UVB). სწორედ ულტრაიისფერი გამოსხივება წარმოქმნის ხელოვნურ რუჯს. უმეტესობა იყენებს რამდენიმე ფლუორესცენტურ ნათურას, რომელიც მაღალი ინტენსივობის ულტრაიისფერ სხივებს გამოყოფს და მრავალი გვერდითი ეფექტი ახასიათებს. 

სოლარიუმის ტიპები

ულტრაიისფერი სხივების ინტენსივობის მიხედვით არსებობს სოლარიუმის სხვადასხვა სახეობა: 
•    ტიპიური სოლარიუმი შედგება 15-დან 28 ნათურისგან, სადაც თითოეული ნათურა გამოყოფს 100 ვატის სიმძლავრის ულტრაიისფერ გამოსხივებას. 
•    სალონებში ყველაზე ხშირად ვხვდებით სოლარიუმებს, რომლებიც შედგება 25-დან 60-მდე ნათურისგან, თითოეული 120-დან 200 ვატამდე სიმძლავრით. 
•    მაღალი წნევის სოლარიუმები არის სპეციალური მოდელები, რომლებიც შედგება ლითონის ჰალოიდური აირის ნათურებისგან. ამ ნათურებს აქვთ ულტრაიისფერი სხივების უფრო მაღალი დონის გამოსხივება და კობალტის მინის ფილტრი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების გამოყოფას არეგულირებს. 

როგორ ხდება სოლარიუმში კანის გარუჯვა?

ულტრაიისფერი სხივები ადამიანის კანში გარუჯვის პროცესს ასტიმულირებს. მელანინი არის ჩვენი კანის პიგმენტი, რომელიც კანს შეფერილობას აძლევს. ულტრაიისფერი სხივების ორი ტიპი UVA და UVB აღწევს კანის ეპიდერმისში და მოქმედებს პიგმენტაციის პროცესზე. 
ულტრაიისფერ სხივებს ორი ტიპის მოქმედება ახასიათებს:
•    UVA სხივები მელანინის ჟანგვით რეაქციას იწვევს, მელანინი მუქდება და შესაბამისად კანი ირუჯება. 
•    UVB სხივები აძლიერებს მელანინის გამომუშავებას. მელანინის შემცველობის გაზრდასთან ერთად კანი ირუჯება.

სოლარიუმის გამოყენება ძუძუთი კვების დროს - რამდენად უსაფრთხოა ის?

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ გარუჯვა უარყოფით გავლენას ახდენს მეძუძურ დედებზე ,ყოველთვის მიზანშეწონილია სოლარიუმში ყოფნისას დაიფაროთ ძუძუს თავები. სოლარიუმის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება მეძუძურ დედებში დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, ულტრაიისფერი გამოსხივება ზრდის კანის ნაოჭების ან კიბოს განვითარების რისკს. ასე რომ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ რუჯის მიღება, ბუნებრივი რუჯი საუკეთესო ალტერნატივაა. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კანის მზის გამოსხივებისგან დაცვა, რადგან გადაჭარბებული ბუნერბივი ულტრაიისფერი გამოსხივებაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს კანისთვის. 

სოლარიუმის უარყოფითი გვერდი ეფექტები

•    კანის კიბო:
ეპიდერმისის გარე ფენაზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების საპასუხოდ ფერმენტები იწყებენ კანის დაზიანების აღდგენას. თუმცა, ზოგიერთი ფერმენტის მოქმედება ირღვევა და იწყება უჯრედების სიმსივნური გადაგვარება. შედეგად ყალიბდება კანის კიბო, როგორიცაა მელანომა ან ბაზალური უჯრედების კარცინომა. კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმები საკმაოდ ხშირია და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. თუ 35 წელზე უმცროსი ხართ, გირჩევთ მოერიდოთ სოლარიუმის გამოყენებას. 
•    თვალის დაზიანება:
ულტრაიისფერი სხივები არა მხოლოდ კანს აზიანებს, არამედ თვალებსაც. ის ზრდის თვალის მელანომის განვითარების რისკს. ზოგჯერ სოლარიუმის გამოყენების შემდეგ ადამიანებს თვალების გაღიზიანება აწუხებთ. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია რქოვანას ანთება და კონიუნქტივიტი.
•    კანის დაბერება და დანაოჭება:
ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერების პროცესი და კანის ნაოჭების განვითარება. კანი კარგავს ელასტიურობას და სახეზე პატარა მუქი ლაქები ჩნდება. 
•    იმუნური სისტემის აქტივობის დაქვეითება:
ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ შეიძლება შეაფერხოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება. თქვენი სხეული შეიძლება გახდეს ნაკლებად რეზისტენტული დაავადების გამომწვევი მიკრობების მიმართ და, შესაბამისად, უფრო დაუცველი.

ჩვევები მეძუძური დედებისთვის, რომლებიც სოლარიუმს იყენებენ

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება სოლარიუმის ძუძუთი კვებაზე უარყოფითი გავლენის შესახებ, რეკომენდებულია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:
•    გარუჯვის შესახებ გადაწყვეტილებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გარუჯვა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეაფასოს რისკები.
•    სოლარიუმის გამოყენებისას მეძუძურ დედას აუცილებელია დაფარული ჰქონდეს მკერდი, რადგან დამწვრობის მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვების პროცესი შეიძლება შეფერხდეს.
•    დამწვრობის დროს ძუძუთი კვებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის უფრო ღრმა დაზიანება. დედისთვის ეს პროცესი შეიძლება გაუსაძლისი გახდეს. 
•    რეკომენდებულია, რომ გასარუჯი ლოსიონი ძუძუს ირგვლივ არ წაისვათ. 


წყარო: momjunction.com